უნგრეთი „ანტი ლგბტ კანონის“ დაცვას აგრძელებს

ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიონობით ევროს გადაცემას აჩერებს, მანამ სანამ ბუდაპეშტი არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესების კუთხით და არ დაძლევს კორუფციას.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უნგრეთის მთავრობა აპირებს „ანტი ლგბტ კანონის“ დაცვას. ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ამ მიზნით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ე.წ. საპასუხო საჩივარს წარადგენს.

საუბარია კანონზე, რომელიც უნგრეთში 2021 წელს ვიქტორ ორბანის პარტიამ მიიღო და რომლის მიხედვითაც სკოლებში ჰომოსექსუალიზმისა და გენდერული ცვლილებების ხელშემწყობი მასალების გამოყენება იკრძალება.

ევროკომისია განმარტავს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ფუნდამენტურ უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს და მას დისკრიმინაციულად აფასებს. ევროკომისიის პოზიციას არ იზიარებს ბუდაპეშტი. უნგრეთის მთავრობა განმარტავს, რომ ამ გზით ისინი ცდილობენ ბავშვების, მომავალი თაობის დაცვას.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ევროკომისიამ სარჩელით 2022 წელს მიმართა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.