უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შვედ კოლეგას ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით დიალოგი შესთავაზა. ვიქტორ ორბანის განცხადება სოციალურ ქსელ „ექსში“ გავრცელდა. შვედეთის განაცხადს გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ამ დრომდე თურქეთი და უნგრეთი აფერხებენ.
ასევე ნახეთ: ნატოს საიუბილეო სამიტი და საქართველო„დღეს მე გავუგზავნე მოსაწვევი წერილი პრემიერ-მინისტრ კრისტერსონს“,- წერს ორგანი „ექსში“ და ამბობს, რომ მზად არის უნგრეთში უმასპინძლოს შვედ კოლეგას და იმსჯელონ, ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ.
მედიისთვის უცნობია, შეიცავს თუ არა წერილი კონკრეტულ თარიღს. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი, მალევე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერის გზავნილს. კრისტერსონის პრესსპიკერი განმარტავს, რომ შვედეთს შეთავაზებაზე ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს.
„პოლიტიკურ და უსაფრთხოების თანამშრომლობას უპირობო ნდობა სჭირდება“,- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სამინისტროს თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის „ნდობის დამყარება“ იქნება.
შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი ფინეთთან ერთად, 2022 წლის მაისში შეიტანა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი შვედეთისა და ფინეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. იქამდე ორივე ქვეყანას ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდა გამოცხადებული.
ასევე ნახეთ: თურქეთის საპარლამენტო კომისიამ შვედეთის ნატოში წევრობას მხარი დაუჭირაფინეთი ნატოს სრულფასოვანი წევრი 2023 წელს გახდა, ალიანსის 74-ე იუბილეზე. თუმცა შვედეთი ჯერ ისევ ელოდება ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რადგან განსხვავებული მიზეზებით პროცესს ხელი ანკარამ და ბუდაპეშტმა შეუშალეს. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას ერთსულოვნად იღებს. შვედეთი უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს, რათა უნგრეთისა და თურქეთის თანხმობა მოიპოვოს.
არსებობს მოლოდინი, რომ თურქეთის პარლამენტი დღეს უყრის კენჭს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს, შემდეგ კი დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს, რის შემდეგაც რატიფიცირების პროცესი დასრულდება. უნგერთის პარლამენტი კი თებერვლის შუა რიცხვებამდე არ იკრიბება.
შესაძლოა სწორედ უნგრეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა იყოს გადამწყვეტი იმისა, გახდება თუ არა შვედეთი ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტზე ორგანიზაციის წევრი. სამიტი ივლისში ვაშინგტონში აიღებს სტარტს.