ოთხშაბათს უნგრეთმა უკრაინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის თაობაზე კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება და არ ეთანხმება გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთისა და ირლანდიის მიდგომას - ქვეყნების, რომლებიც ბლოკთან კიევის სწრაფად მიახლოებას და უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევას უჭერენ მხარს.
უნგრეთი ახლა მთავარი წინაღობაა ევროკავშირის ლიდერების მიერ დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილებისთვის იმის თაობაზე, რომ როდესაც კიევი ყველა პირობას დააკმაყოფილებს, წევრობის თაობაზე უკრაინასთან ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყონ. კიევს ევროკავშირმა ბლოკის ბიუჯეტიდან 2027 წლამდე, 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება უნდა გამოუყოს.
ამ გადაწყვეტილებების მიღებას ბლოკის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც მოსკოვთან კავშირით ამაყობს, განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფულის და სამხედრო დახმარების გაგზავნის ბლოკის სტრატეგია "ჩაფლავდა". ის კიევთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
ასევე ნახეთ: ორბანის აზრით, ევროკავშირმა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოსუნგრეთის ევროპული საქმეების მინისტრმა იანოშ ბოკამ თავის კოლეგებს უთხრა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ სტრატეგიული მსჯელობაა საჭირო და ასეთ მსჯელობამდე ბუდაპეშტი უკრაინის ბლოკთან შეერთების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს მხარს არ დაუჭერს.
ორბანი ამასთან ერთად წუხდა, რომ უკრაინამ უნგრელი უმცირესობის უფლებები შეზღუდა და ასევე უკმაყოფილოა ევროკავშირით, რომელმაც უნგრეთს ფინანსებზე წვდომა შეუზღუდა იმის გამო, რომ მისი მმართველობის დროს, ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ უკუსვლა მოხდა.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ კიევისთვის ფინანსურ დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის საშუალება შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება ბლოკში გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის უკრაინის მიწვევას, რასაც ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს, ამ მხრივ უნგრეთის წინააღმდეგობისთვის გვერდის ავლის საშუალება არ არსებობს.