როგორ მალავდა და შემდეგ როგორ აღიარა რუსეთმა ყირიმში შეჭრა

2014 წლის 27 თებერვალს, მზის ამოსვლამდე, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის დედაქალაქ სიმფეროპოლში, მძიმედ შეიარაღებული, განმასხვავებელი ნიშნების არმქონე მწვანე ფორმიანი ადამიანები რეგიონული პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და მის თავზე რუსული დროშა აღმართეს.

შენობის დაპყრობის წინა დღეს, მის მიმდებარედ, პრო და ანტი რუსული დემონსტრანტების დაპირისპირება მოხდა, რომელიც კრემლისადმი მეგობრულად განწყობილ პრეზიდენტ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ ნახევარკუნძულის მომავალს შეეხებოდა.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

რუსი ჯარისკაცები, სიმფეროპოლი, უკრაინა, 27 მარტი, 2014

​შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, მსგავსად შემოსილი ნიღბიანი კომანდოები მთელ ნახევარკუნძულს მოედნენ. ისინი ალყაში აქცევდნენ უკრაინულ სამხედრო ბაზებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლს იღებდნენ. ადგილზე ბევრისთვის ნათელი იყო, რომ ისინი რუსი სამხედროები იყვნენ. ერთმა ჯარისკაცმა ეს კამერის წინაც თქვა.

მიუხედავად ნათელი მინიშნებებისა, რომ ეს ძალები, ე.წ. „მწვანე კაცუნები“, მოსკოვის გაგზავნილი იყო. რუსეთმა მალევე დაიწყო უარყოფის და კვალის არევის და ჩახლართლი განმარტებების კამპანია, რათა დაეფარა თავისი როლი ყირიმის ანექსიის საქმეში.

რუსეთმა მათ „თვით-დაცვის ქვედანაყოფები“ უწოდა, რომელიც ადგილობრივებმა შექმნეს, რადგან შეშფოთებულნი იყვნენ იმ სავარაუდო საფრთხის გამო, რომელიც ყირიმის რუსულენოვან მოსახლეობას უკრაინელი ულტრა ნაციონალისტების მხრიდან ემუქრებოდა

ამბის გადაკეთება მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო.

ყირიმის პარლამენტის და რეგიონული მთავრობის სათაო შენობების დაკავების შემდეგ, ნიღბიანმა რუსმა ჯარისკაცებმა სიმფეროპოლის აეროპორტი აიღეს.

რუსი ჯარისკავები სიმპეროპოლის აეროპორტში

ხალხის ჯგუფიდან ერთი ქალი მათი ეროვნების შესახებ დარწმუნებული ჩანდა და როდესაც კომანდოსების ჯგუფმა სამხედრო სატვირთო მანქანაში თავისი იარაღი და აღჭურვილობა ჩატვირთა, ყვიროდა: „რუსეთი, რუსეთი!"

იმავე დღეს, ევროკავშირში რუსეთის ელჩმა „ევრონიუსს“ უთხრა, რომ აეროპორტში მყოფი სამხედროები რუსები არ იყვნენ. ვლადიმირ ჩიჟნოვმა თქვა: „არავითარი ჯარი არ არის, ყოველ შემთხვევაში რუსული არ არის.“

რამდენიმე დღის შემდეგ, ყირიმის ამბებზე პირველი საჯარო კომენტარის გაკეთების დროს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ კითხეს, ნახევარკუნძულზე განლაგებულ საკუთარ სამხედრო ბაზებში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს რუსული ჯარი თუ ბლოკავდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოსკოვი, 18 მარტი, 2018

წინა დღეებში განხორციელებულ ბლოკადაში რუსი ჯარისკაცების როლის ნათელი მტკიცებულებების მიუხედავად, პუტინმა უპასუხა: „ის ადგილობრივი თვით-დაცვის ქვედანაყოფები იყო.“

შეხედეთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს. ბევრი ფორმაა, რომელიც ერთმანეთს ჰგავს. შეგიძლიათ მაღაზიაში შეხვიდეთ და ნებისმიერი სახის ფორმა შეიძინოთ.
ვლადიმირ პუტინი

„ბლუმბერგის“ ჟურნალისტმა, რომელმაც ეს კითხვა დასვა, აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ადამიანებს ეცვათ „ფორმა, რომელიც ძლიერ ჰგავს რუსული არმიის ფორმას.“

პუტინმა უპასუხა: „შეხედეთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს. ბევრი ფორმაა, რომელიც ერთმანეთს ჰგავს. შეგიძლიათ მაღაზიაში შეხვიდეთ და ნებისმიერი სახის ფორმა შეიძინოთ.“

იმავე დღეს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა „იუთუბზე“ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ყირიმში განლაგებული ერთ-ერთი კომანდოსი საკუთარ თავზე და თავის კოლეგებზე ამბობს: „ჩვენ რუსები ვართ.“

რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, როდესაც პუტინის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჰკითხეს იმ ვიდეოზე, სადაც ყირიმში მყოფი შეიარაღებული პირები ამბობენ, რომ რუსები არიან, მან თქვა: „ეს სრული უაზრობაა.“ სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ყირიმში მყოფ, განმასხვავებელი ნიშნების არმქონე ფორმიან ადამიანებზე დასმული კითხვის თაობაზე შოიგუმ დაამატა: „აბსოლუტურად არა, თქვენ ხუმრობთ?“

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის ესპანელ კოლეგასთან ერთად მადრიდში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ყირიმის „პრო-რუსული ძალები“ ბრძანებებს მოსკოვიდან არ იღებდნენ და სევასტოპოლში განლაგებული რუსული სამხედრო ფლოტის ბაზის პირადი შემადგენლობა ადგილზე რჩებოდა.

კვირების განმავლობაში უარყოფის შემდეგ, 2014 წლის 16 მარტის ყირიმის რეფერენდუმის კვალდაკვალ, რომელმაც მოსკოვის მიერ ყირიმის ფორმალური ანექსიისთვის ნიადაგი შეამზადა, რუსეთმა ტონი თანდათან შეცვალა.

2017 წლის 18 მარტს ყირიმში გამართულ დემონსტრაციაზე ადამიანები ყირიმის რუსეთთან შეერთებას (რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის) მესამე წლისთავს აღნიშნავენ

ანექსიის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, პუტინის პრეს-მდივანი ჯერ კიდევ ირწმუნებოდა, რომ „ყირიმის თვით-დაცვის ქვედანაყოფები“ „ზოგიერთ“ უკრაინელ ჯარისკაცს პოსტების დატოვებას უბლოკავდა. როგორც ჩანდა, ის აღიარებდა, რომ ყირიმის ტერიტორიას სულ ცოტა, რუსი ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა აკონტროლებდა.

10 დღის შემდეგ, კრემლში, უშიშროების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრისას პუტინმა ხოტბა შეასხა შავი ზღვის ფლოტსაც და „ყირიმში განლაგებულ სხვა ქვედანაყოფებსაც“, რომლებმაც სისხლისღვრა თავიდან აიცილეს და „რეფერენდუმის მშვიდობიანად და თავისუფლად ჩატარება“ უზრუნველყვეს.

არაფრის უარყოფა არ გამიკეთებია, რუსული ჯარი იქ ყოველთვის იყო
ვლადიმირ პუტინი

მომდევნო თვეში, პუტინმა საჯაროდ პირველად თქვა, რომ რეფერენდუმის წინ, ნახევარკუნძულზე რუსული ჯარები მოქმედებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის იქ მხოლოდ ადგილობრივების მხარდასაჭერად იმყოფებოდა.

ყოველწლიური სატელევიზიო კითხვა-პასუხის სესიის დროს, „მწვანე კაცუნების“ შესახებ კითხვაზე პუტინმა თქვა: „რა თქმა უნდა, ჩვენი ოფიცრები ყირიმელ თვით-დაცვის ძალებს ზურგს უმაგრებდნენ.“

ანექსიიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ხელში ჩაგდების საქმეში საკუთარი სამხედრო ძალების თითქოს და არ მონაწილეობის შესახებ თავის მოკატუნება საბოლოოდ შეწყვიტა. 2015 წლის მარტში სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც პუტინი ამბობს, რომ იანუკოვიჩის მიერ ხელისუფლების მიტოვებიდან ცოტა ხნის შემდეგ, უშიშროების თანამდებობის პირებს ყირიმის აღების განზრახვის შესახებ უთხრა.

ფილმი სათაურით: „გზა შინისკენ“ ნათელს ხდის, რომ „მწვანე კაცუნები“, რომლებმაც სამთავრობო შენობები, აეროპორტები და სხვა ობიექტები დაიკავეს, რუსი ჯარისკაცები იყვნენ.

პუტინმა თქვა, რომ რუსული ძალების განლაგების გადაწყვეტილება უკრაინელი ნაციონალისტების მხრიდან ძალადობის და რეპრესიებისგან, ადგილობრივების და ყირიმის მეტწილად რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მიიღო.

დოკუმენტურ ფილმში პუტინი აცხადებს: „20 ათასი კარგად შეიარაღებული [უკრაინელი ჯარისკაცის] დასაბლოკად და განსაიარაღებლად განსაკუთრებული პერსონალი გჭირდება. არა მხოლოდ მათი რიცხვი, არამედ უნარიც. გვჭირდებოდა სპეციალისტები, რომლებმაც იცოდნენ ეს როგორ გაეკეთებინათ. ამიტომ - რატომ დავმალო? - თავდაცვის სამინისტროს ბრძანებები მივეცი რომ „გრუ“-ს საგანგებო ძალები და ასევე საზღვაო ქვეითები და კომანდოსები, ყირიმში ჩვენი სამხედრო ობიექტების დაცვის გაძლიერების საბაბის საფარქვეშ გაეგზავნათ.“

გასულ წელს, დაძაბული ინტერვიუს დროს, ავსტრიელმა ჟურნალისტმა არმინ ვოლფმა პუტინს არაერთხელ დაუსვა მწვავე კითხვა, ანექსიის წინ ყირიმში „მწვანე კაცუნების“ და მოსკოვის სამხედრო მოქმედებების შესახებ, თუმცა პუტინმა მის მიერ გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებების საკითხს თავი აარიდა.

ინტერვიუს ერთ მომენტში ვოლფმა პუტინს უთხრა: „მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უარყოფდით,მოგვიანებით, ყირიმში რუსი სამხედროების ყოფნა აღიარეთ“.

პუტინმა უპასუხა: „არაფრის უარყოფა არ გამიკეთებია, რუსული ჯარი იქ ყოველთვის იყო.“

პუტინის მტკიცება: „არაფრის უარყოფა არ გამიკეთებია“, ამ ინტერვიუს კრემლის ოფიციალურ სტენოგრამაში გამოტოვებულია.

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ინგლისურ ვებგვერდზე.