რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა - ამ ქვეყნების მიმართ დღეს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული არაერთი სხვადასხვა სანქცია მოქმედებს. ანალიტიკოსები ვაშინგტონში ამბობენ, რომ სანქციები იმდენად ეფექტურია, რამდენადაც მათ მიმართ ამერიკასა და მის დასავლელ მოკავშირეებს ერთიანი მიდგომა აქვთ, თუმცა ცხადია სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში ისინი განსხვავებული წარმატებით ამოქმედდა.
„ატლანტიკურ საბჭოში“ დღეს სწორედ იმ სანქციების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს თავად, ან ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად უწესებს. „ატლანტიკური საბჭოს“ ეკონომიკური სანქციების ინიციატივის წევრი სამანტა სულტუნი ამბობს, რომ ამ დრომდე ამოქმედებული სანქციებიდან არაერთი გაკვეთილის სწავლა შეიძლება შემდგომში მათი, როგორც ინსტრუმენტის, უფრო ეფექტური გამოყენების მიზნით.
„რამდენიმე მთავარი გაკვეთილი, რაც სანქციებთან დაკავშირებით ვისწავლეთ, არის ის, რომ მრავალმხრივი სანქციები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი ქვეყნის მიერ დაწესებული. ამავე დროს, სანქციები მხოლოდ იმდენადაა ეფექტური, რამდენადაც თავად პოლიტიკა არის ტაქტიკური და კარგად გააზრებული. როდესაც სანქციების იმპლემენტირებას ვცდილობთ, საჭიროა ვიყოთ მომთმენები და სტრატეგიულები, რადგან მათ ძალიან იშვიათად აქვს მყისიერი შედეგი. სანქციები ყველაზე მეტად ეფექტურია, როდესაც შეიძლება მათი შეფასება იმით, თუ რამდენად მოხდა ცვლილებები პოლიტიკის პრიორიტეტებში“, - ამბობს სამანტა სულტუნი.
ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიკობ ლიუ, რომელსაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის უფროსის პოსტიც ეკავა, ამბობს, რომ სანქციების, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის არასაკმარისად შეფასება არ შეიძლება, რადგან საერთაშორისო პოლიტიკის ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში
"რომ არა სანქციები, ერთადერთი პასუხი ძალის გამოყენება იქნებოდა". მისი აზრით, მაქსიმალური ეფექტურობისთვის, საჭიროა სანქციები ამერიკამ მოკავშირეებთან ერთად დააწესოს და ეს სანქციები პირდაპირ იყოს მიმართული იმ კონკრეტული ქმედებების შეცვლისკენ, რომელთა შეცვლის შემთხვევაშიც სანქცირებული ქვეყანა მნიშვნელოვან შეღავათს იგრძნობს.
სანქციების ეფექტურობაზე საუბრისას სენატორების მიერ წარმოდგენილი სანქციების ახალი პროექტის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი. ხუთმა ამერიკელმა სენატორმა - დემოკრატმა ბობ მენენდეზმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა, რესპ. კორი გარდნერმა, დემ. ბენ კარდინმა და ასევე დემოკრატმა ჯინ შაჰინმა 13 თებერვალს წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითვალისწინებს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეკონონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური წნეხის გაზრდას გულისხმობს რუსეთზე მისი ისეთი ქმედებების პასუხად, როგორებიცაა უცხოეთში, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა, უკრაინაში განხორციელებული აგრესია და ა.შ. ამ კანონპროექტში, აშშ-ის კონგრესის სხვა, წინა საკანონმდებლო დოკუმენტების მსგავსად, ისევ არის ასახული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
კანონპროექტის თანახმად, „აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ყირიმი დაუბრუნოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლს, შეწყვიტოს მხარდაჭერა სეპარატისტული ძალადობისადმი აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი და შეწყვიტოს სირიის ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი რეჟიმის გაძლიერება, რომელიც ჩადის სამხედრო დანაშაულს.“
„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია, ფიქრობს, რომ რუსეთზე დიპლომატიური წნეხი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და ამბობს, რომ სანქციების ახალი კანონპროექტი ისეთ ნაწილებს შეიცავს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკისთვის უფრო ძლიერ წნეხს განაპირობებს, ვიდრე აქამდე მოქმედი პირობები.
"უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ალბათ შეაკავა რუსეთის თავდასხმა, დაასტაბილურა სიტუაცია და აიძულა რუსები ხელი მოეწერათ მინსკის შეთანხმებაზე, რომელიც როგორც ჩარჩო დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ ის მაინც გაცილებით უკეთესია, ვიდრე 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელმაც საქართველოს ომი დაასრულა და ძლიერ ხარვეზიანი იყო", - ამბობს ფრიდი და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმება 2008 წლის შეთანხმებას სჯობდა და უკრაინაში შეჭრის გამო სანქციებიც დაწესდა, ამ სანქციებმა არ აიძულა რუსები შეესრულებინათ მინსკის შეთანხმება.
"ამიტომ უკრაინელები და ქართველები მართლები არიან, როცა კითხულობენ, ხომ არ უნდა გამკაცრდეს სანქციები და მე მათ ვეთანხმები. მაგრამ საქართველოსა და უკრიანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ გამოიყენოთ ეს დრო და შესაძლებლობა, რათა გააძლიეროთ რეფორმები, ააშენოთ სუვერენიტეტის საფუძვლები მაშინაც კი თუ თქვენ [ამავე დროს] ამერიკას და დასავლეთს სთხოვთ, რომ მეტი გააკეთონ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად", - ამბობს ყოფილი დიპლომატი.
Facebook Forum