ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორებმა რუსეთზე ახალი სანქციები წარადგინეს


მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სენატორ ჯინ შაჰინთან და სენატორ რონ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ "როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და საჭიროა ამის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავება."

„ამერიკელ სენატორებთან საუბარი შეეხო აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ერთსულოვანი მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა 13 თებერვალს აშშ-ის სენატისთვის წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო,“ აღნიშნა ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ხუთმა ამერიკელმა სენატორმა-დემოკრატმა ბობ მენენდეზმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა, რესპუბლიკელმა კორი გარდნერმა, დემოკრატმა ბენ კარდინმა და ასევე დემოკრატმა ჯინ შაჰინმა 13 თებერვალს წარადგინეს კანონმდებლობის პროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითვალისწინებს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეკონონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური წნეხის გაზრდას გულისხმობს რუსეთზე მის მოქმედებებზე საპასუხოდ, მათ შორის, უცხოეთში, დემოკრატიულ პროცესებში ინტერვენციის, სირიქაში ბოროტი მოქმედებების, უკრაინაში, ყველაზე ბოლოს კი ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ.

საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-ის მთავრობის ყოვლისმომცველ საპასუხო სტრატეგიას აყალიბებს კრემლის აგრესიის წინააღმდეგ და ახალ წარმომადგენლობებს ქმნის კიბერ თავდაცვის და სანქციების კოორდინაციის მიზნით. კანონმდებლობა ნატოს უცხადებს მხარდაჭერას და აშშ-ის პრეზიდენტს არ აძლევს საშუალებას ქვეყანა ალიანსიდან სენატის თანხმობის გარეშე გაიყვანოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG