ჰონგ-კონგში პროდემოკრატ მილიარდერს პატიმრობა მიუსაჯეს

მილიარდერ მედიამაგნატს და პროდემოკრატ აქტივისტს ჯიმი ლაის და კიდევ 7 სხვა აქტივისტს ჰონგ-კონგის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ისინი 18 თვის წინ გამართულ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის დამნაშავედ სცნეს. ჯიმი ლაის პატიმრობის ვადად 13 თვე განისაზღვრა.

სასამართლოს მასალებით ირკვევა, რომ ჯიმ ლაიმ შეგნებულად მიიღო მონაწილეობა 2020 წელს ტიანანმენის მოედანზე მოწყობილ ანთებული სანთლების აქციაში, რომელიც არ იყო სანქცირებული. ჰონგ-კონგის მთავრობამ ის არასანქცირებულად პანდემიური ვითარების გამო გამოაცხადა. აქციის მონაწილეები ტიანანმენის მოედანზე დაღუპულებს მიაგებდნენ პატივს.

სასამართლომ კიდევ ექვსი აქტივისტი სცნო დამნაშავედ და მათ 12-თვიანი და 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ასევე ნახეთ: მოსკოვი-პეკინის ვიდეოზარი დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე 

1989 წლის 4 ივნისს ტიანანმენის მოედანზე მთავრობა მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდა. აქციის მონაწილეები დემოკრატიულ ცვლილებებს, ცენზურის გაუქმებას და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვდნენ. დემონსტრაციები თითქმის მთელი თვე უწყვეტად მიმდინარეობდა და მათში ივნისის პირველ რიცხვებში, ყოველდღიურად, მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

4 ივნისს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებმა დემონსტრაციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღეს. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ჩინეთის სახალხო არმიის სპეცოპერაციას იმ დღეს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ზუსტი რიცხვი დღემდე ცნობილი არ არის.

მას შემდეგ, ყოველწლიურად ტიანანმენის მოედანზე ადამიანები იკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოვიდ19-ის პანდემიის გამო შეკრებები ჰონგ-კონგში აკრძალულია.

2020 წელს გამართულ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.