ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი თეირანს "დამატებითი ზომებით" ემუქრება


ბირთვული მოლაპარაკება ვენაში, ავსტრია. 29 ნოემბერი, 2021.
ბირთვული მოლაპარაკება ვენაში, ავსტრია. 29 ნოემბერი, 2021.

ვიდრე 2015 წლის ბირთვულ ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეები ირანთან შეთანხმების აღდგენაზე მსჯელობენ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ "დამატებით ზომებს" მიიღებს თეირანის წინააღმდეგ, თუკი მოლაპარაკება ჩაიშლება. შუამავლების საშუალებით მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მეშვიდე რაუნდი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განახლდა, თუმცა ჯერჯერობით ის უშედეგოდ მიმდინარეობს.

"ირანის ბირთვული პროგრამების მიმართულებით მიმდინარე დაწინაურების ფონზე, [ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა] თავის გუნდს სთხოვა, მოემზადონ იმისთვის, რომ დიპლომატიური მცდელობის ჩავარდნის შემთხვევაში, სხვა გზებს მიმართონ" - განაცხადა 9 დეკემბერს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ. მისი თქმით, თუკი ირანი ურანით გამდიდრებას გააგრძელებს, "დამატებითი ზომების მიღების გარდა, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება, რათა კიდევ უფრო შეიზღუდოს ირანის მომგებიანი სექტორების მუშაობა".

ორ ქვეყანას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება 2015 წლის შეთანხმების აღდგენის თაობაზე, ვენაში გასულ ორშაბათს, ხუთთვიანი წყვეტის შემდეგ განახლდა. დანარჩენი ქვეყნები - ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია - მათ შორის მედიატორის როლში არიან. მოლაპარაკებებს ჩინეთი და რუსეთიც ესწრება. მანამდე, აპრილიდან ივნისამდე მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ უქმეებზე ვენაში დელეგაციის გაგზავნას გეგმავს, რომელსაც სათავეში ამერიკის საგანგებო წარმომადგენელი ირანში, რობერტ მოლი ჩაუდგება.

გასულ კვირას ალი ბაღერი ქანიმ, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და ასევე მთავარი მომლაპარაკებელია ბირთვულ საკითხებზე, ამბობს, რომ ირანი მოლაპარაკებას "სერიოზულად" უდგება. მისი თქმით, თეირანი მზადაა მოლაპარაკების გასაგრძელებლად, "თუკი შეთანხმებისთვის გზა გაკვალული იქნება".

2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ირანი ბირთვულ აქტივობას საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ზღუდავდა. 2018 წელს, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ამერიკამ ირანზე დაწესებული სანქციები განაახლა, თეირანმა კი ურანით გამდიდრების პროცესი გააგრძელა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ირანმა დაიწყო მოწინავე ცენტრიფუგების გამოყენება და ურანით 20%-ით გამდიდრება ფორდოს მიწისქვეშა ბირთვულ სადგურზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG