რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა აღწერა, როგორც „ისტორიული რუსეთის“ დასასრული.
„ეს იყო ისტორიული რუსეთის დაშლა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა“, - განაცხადა პუტინმა დოკუმენტურ ფილმში, სახელად „რუსეთი“, რომელიც 12 დეკემბერს გავიდა ეთერში.
პუტინი, რომელიც „სუკის“ ყოფილი აგენტია, აქამდეც გამოთქვამდა წუხილს საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით და მის დანგრევას „მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ მოიხსენიებდა.
კომენტარი ამწვავებს შეშფოთებას რუსეთის მიზნებთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა უკრაინის საზღვარზე მოსკოვს ათიათასობით სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
რუსეთი დასავლეთისგან ითხოვს გარანტიებს, რომ არ მოხდება ნატოს გაფართოება და საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, 13 დეკემბერს კიდევ უფრო ხისტი პოზიცია დაიჭირა, როცა განაცხადა, რომ თუ აშშ და ნატო არ მისცემენ გარანტიებს რუსეთს, ამას შეიძლება კონფრონტაცია მოჰყვეს.
ვაშინგტონსა და ნატოში აცხადებენ, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნებისმიერი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს.
დოკუმენტურ ფილმში, პუტინი ასევე საუბრობს მის პირად გამოცდილებაზე საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეკონომიკური და სოციალური არასტაბილურობის ფონზე, მას უწევდა დამატებითი შემოსავლისთვის, სხვების მანქანით მომსახურება.
„ზოგჯერ მიწევდა დამატებითი ფული მეშოვა“, - თქვა მან. „ვგულისხმობ მანქანის მეშვეობით, როგორც მძღოლად. ამაზე საუბარი არასასიამოვნოა, სიმართლე რომ ვთქვა, თუმცა საქმე ასე იყო“, - თქვა მან.
Facebook Forum