ლიბანში "ჰეზბოლას" მებრძოლები აცხადებენ, რომ მზად არიან დაუპირისპირდნენ ისრაელის ნებისმიერი ტიპის სახმელეთო შეჭრას, მათ ქვეყანაში. 30 სექტემბერს, აღნიშნული განცხადება სამხედრო ჯგუფის მეთაურის მოადგილემ, ნაიმ ქასიმმა გააკეთა.
ეს ქასიმის პირველი საჯარო გამოსვლაა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბეირუთში "ჰეზბოლას" დიდი ხნის მეთაური, ჰასან ნასრალა მოკლეს. "ჰეზბოლამ" შაბათს, 28 სექტემბერს დაადასტურა, რომ მათი ლიდერი ერთი დღით ადრე მომხდარი აფეთქებების დროს დაიღუპა. დაჯგუფებამ მაშინვე განაცხადა, რომ პალესტინელთა მხარდაჭერის მიზნით, "მტრის წინააღმდეგ წმინდა ომს" გააგრძელებს.
ასევე ნახეთ: მოკლულია "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალანასრალა ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეთაურობდა. თავად თეირანი ჯგუფის მხარდაჭერას ოფიციალურად უარყოფს.
ქასიმი დღევანდელ განცხადებაში პირობას დებს, რომ ისრაელი საკუთარი მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის, წინააღმდეგობის ძალები მზადაა იმ შემთხვევისთვისაც, თუკი ისრაელელები სახმელეთო შემოჭრას გადაწყვეტენ", - თქვა ქასიმმა გაურკვეველი ადგილიდან გაკეთებულ მიმართვაში.
"ჰეზბოლას" ლიდერის მოადგილის მიმართვის პარალელურად, ისრაელი ბეირუთში და ლიბანის სხვა დასახლებებში საჰაერო იერიშებს კვლავ აგრძელებდა. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელებული თავდასხმების შედეგად, ისრაელმა "ჰეზბოლას" ბევრი ლიდერი მოკლა. ეს ჯგუფის წინააღმდეგ ისრაელის ყველაზე მსხვილი ოპერაცია იყო მას შემდეგ, რაც ირანმა "ჰეზბოლა" 1982 წელს, ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოაყალიბა.
ლიბანის მთავრობის განცხადებით, ისრაელის საჰაერო რეიდებს 1000-ზე მეტი ლიბანელი ემსხვერპლა. მილიონზე მეტ ლიბანელს კი საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც ისრაელმა ისინი მოსალოდნელ თავდასხმაზე წინასწარ გააფრთხილა.
შეერთებული შტატების განცხადებით, ამერიკა ბეირუთში, "ჰეზბოლას" ლიდერებზე ისრაელის მიერ მიტანილ იერიშში ჩართული არ ყოფილა. ისრაელის წყაროები იუწყებიან, რომ მათ ბეირუთზე თავდასხმამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარი გეგმის თაობაზე პენტაგონსაც შეატყობინეს. მაგრამ, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ამერიკა მომხდარზე არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და ის არანაირი სახით არ ყოფილა ჩართული ბეირუთის ოპერაციაში.