გუშინ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის ეგიდით ჩატარდა მოსმენები სათაურით „დესტაბილიზაცია ყირგიზეთში: საერთაშორისო პასუხი.“ მოსმენების დასაწყისში მიმართვით გამოვიდა ჰელსინკის კომისიის თანათავჯდომარე ბატონი ალსი ჰასტინგსი.
„მე ყირგიზეთს რამდენიმეჯერ ვესტუმრე და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1990-იან წლებში ამ ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნდა, მას შემდეგ ამ სახელმწიფოს განვითარების ტრაექტორია სამწუხაროდ ძალზედ შემაშფოთებელია. შუა აზიაში ყირგიზეთს ოდესღაც გააჩნდა ყველაზე განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარებისკენ იღწვოდა. მაგრამ კორუმპირებული ავტორიტარული მმართველობის პირობებში, რაც ტიპიურია ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ხელისუფლება დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც თავის თავისუფლებასა და პრეროგატივებს იცავდა. 2005 წლის ‘ტიტების რევოლუციამ,’ რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ასკარ აკაევი დაემხო, ქვეყანას შველა არ მოუტანა. აკაევის მემკვიდრის პრეზიდენტ ბაკიევის მმართველობის პერიოდს ახასიათებდა ძალაუფლების ცენტრალიზაცია, კიდევ უფრო უარესი კორუფცია, საზარელი ადამიანის უფლებების დარღვევები და პოლიტიკის კრიმინალიზაცია,“ განაცხადა ალსი ჰასტინგსმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის აპრილში მზარდი სახალხო გამოსვლების ფონზე აგორებულმა საპროტესტო ტალღამ ბაკიევის რეჟიმი წალეკა, რითაც დაიწყო ახალი სისხლიანი ეტაპი ყირგიზეთის პოსტ-საბჭოურ ისტორიაში. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა დროებითმა მთავრობამ, რომლისთვისაც წინა წყობის ნაკლოვანებები კარგად იყო ცნობილი, გადაწყვიტა ქვეყანაში საპარლამენტო პოლიტიკური სისტემის აშენება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 27 ივნისს გამართული კონსტიტუციური ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებული სახალხო რეფერენდუმი. შედეგად ყირგიზეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარალემნტოზე გადადის. ამასთან დაკავშირებით ჰასტინგსმა აღნიშნა:
„ყირგიზეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელშიც ძალაუფლების ბალანსი პარლამენტის სასარგებლოდ გადაინაცვლა. ძნელია იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება ეს ექსპერიმენტი, მაგრამ ასეა თუ ისე, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის პრობლემები, რომელიც წარმოადგენს ცენტრალიზებული და კორუმპირებული საპრეზიდენტო მმართველობის შედეგს. აგრეთვე გაურკვეველია ისიც შესძლებს თუ არა ქვეყანა სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეების შერიგებას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ყირგიზეთის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის.“
თავის შენიშვნებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში რობერტ ბლეიკმა, რომელიც ბიშკეკსა და ოშში 18-19 ივლისს იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ შუა აზიის რეგიონი შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს. შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ რეგიონში მიზნად ისახავს გლობალურ ეკონომიკაში სრულად ინტეგრირებული სუვერენული, სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოების განვითარებას. ბლეიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს სხვა სახელმიფოებთან პაექრობას რეგიონზე გავლენის გაზრდის მიზნით. ვაშინგტონი დაინტერესებულია შუა აზიის თითოეულ სახელმწიფოსთან სრულყოფილი ორმხრივი თანამშრომლობით. ბლეიკის თქმით:
„რაც შეეხება ყირგიზეთს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ინტერესია ამ ქვეყნის, როგორც სტაბილური და დამოკრატიული სახელმწიფოს, განვითარების ხელის შეწყობა რათა ყირგიზეთის მოქალაქეთა უფლებები სათანადოდ იყოს დაცული. ყირგიზეთს აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში უსაფრთხოების დამკვიდრებაში რადგან სწორედ ამ ქვეყანაში მდებარეობს მანასის სატრნაზიტო ცენტრი. თითქმის ყველა ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში ჩადის ან ავღანეთს ტოვებს ამ ცენტრის გავლით. მანასის სატრანზიტო ცენტრის შენარჩუნება შეერთებული შტატებისთვის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მაგრამ ამ ცენტრის ფუქციონირება უწინარეს ყოვლისა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სტაბილური იქნება ყირგიზეთი. რასაკვირველია მანასის ცენტრი ყირგიზეთთან ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო და რჩება ორმხირივი ურთიერთობების განვითარება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.“
ბლეიკმა აღნიშნა, რომ ამჟამად ვითარება ყირგიზეთში შედარებით სტაბილურია, მაგრამ ქვეყნის სამხრეთში მაინც შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა. ამ რეგიონში მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციები თანდათან გადადიან სასწრაფო დახმარების აღმოჩენიდან აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასა და შემრიგებულური ინიციატივების განხორციელებაზე. უზბეკეთში დროებითი გადასული 100,000 უზბეკიდან თითქმის ყველა დაბრუნდა ყირგიზეთში ორი კვირის მანძილზე.
„მართალია ჩვენ იმედს გვაძლევს ის, რომ ივნისიდან მოყოლებული ძალადობა ყირგიზეთში არ გამეორებულა, პრეზიდენტი ოტუნბაევა და დროებითი მთავრობა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. ქვეყნის სამხრეთში მცხოვრებ უზბეკებს შორის კვლავინდებურად შეინიშნება შიში და დაძაბულობა. ყირგიზეთში ამჟამად დარეგისტრირებული 75,000 იძულებით გადაადგილებული პირი ისევე როგორც უზბეკეთიდან დაბრუნებული პირები ძირითადად ნათესავებთან ცხოვრობენ. ქალაქებში ოშსა და ჯალალაბადში დაახლოებით 1,850 სახლი განადგურებულია. ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე უზბეკთა ბიზნესები კვლავინდებურად დაკეტილია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისეთი ზომების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს შემრიგებლობას,“ დასძინა ბლეიკმა.