ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ყირგიზეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს აკვირდება


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და ყირგიზეთის პოლიტიკური პარტია არ-ნამისის ლიდერი ფელიკს კულოვი, მოსკოვი, კრემლი, 22 სექტემბერი 2010 წ.
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და ყირგიზეთის პოლიტიკური პარტია არ-ნამისის ლიდერი ფელიკს კულოვი, მოსკოვი, კრემლი, 22 სექტემბერი 2010 წ.

ყირგიზეთში 10 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე მოსკოვი ამ ქვეყანაში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს

ყირგიზეთში 10 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე მოსკოვი ყირგიზეთში თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. ეს უწინარეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, რომ კრემლი მხარდაჭერას უცხადებს იმ ყირგიზ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მოსკოვის მხარდაჭერას ლამობენ.

ამასობაში ბიშკეკში ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ 10 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ახალი დემოკრატიული ეპოქის დასაწყისი იქნება. რუსეთი ყირგიზეთის გავლენიანი მოკავშირეა და მოსკოვს ამ ქვეყნის პოლიტიკური გეზი ადარდებს. იაროსლავში 10 სექტემბერს გამართულ მსოფლიო პოლიტიკურ ფორუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა:

„ჩვენი ყირგიზელი მეგობრები ამ გზას დაადგნენ. მაგრამ რუსეთისთვის, როგორც მე ვშიშობ, ისევე როგორც ყირგიზეთისთვის, საპარლამენტო დემოკრატია კატასტროფას წარმოადგენს.“

ხოლო ტორონტოში 27 ივნისს გამართული დიდი ოცეულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთის ახალმა კონსტიტუციამ შეიძლება ამ სახელმწიფოს „დაშლა გამოიწვიოს.“ მოსკოვი ყირგიზეთის საპარლამენტო წყობის არჩევანს გამუდმებით აკრიტიკებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსეთი ბიშკეკის არჩევანის საწინააღმდეგო რაიმე მოქმედებებისგან თავს იკავებს.

ყირგიზელი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ როზა ოტუნბაევას მთავრობა არჩევნებისთვის ემზადება და ქვეყნის ხელმძღვანელობის ახალი შემადგენლობის შევსება ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული. ყირგიზულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ადგილობრივი პოლიტიკოსები კრემლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ, რითაც ისინი არჩევნებში გამარჯვების შანსებს იზრდიან. სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო. შეხვედრაზე პუტინი ყირგიზეთს 10 მილიონი დოლარის ოდენობის სასწრაფო ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფა დაპირდა.

22 სექტემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს არ-ნამისის პოლიტიკური პარტიის ლიდერი ფელიკს კულოვი რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა. კულოვმა რუსეთის მმართველ „ედიანაია როსიას“ პარტიასთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. გავრცელებული ცნობების თანახმად, კრემლის მიმართ საკუთარი ერთგულების დემონსტრირების მიზნით მოსკოვს სხვა ყირგიზული პარტიების ლიდერებიც ესტუმრნენ.

ყირგიზეთში ატამბაევისა და კულოვის შეხვედრები რუსეთის მთავრობის უმაღლეს ეშელონებთან აღქმული იქნა როგორც მოსკოვის „კურთხევის“ მოპოვების წარმატებული მცდელობები. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მთავრობის მეგობრული განწყობის მოპოვების შედეგად საპარლამენტო არჩევნებში ატამბაევის და კულოვის პარტიებმა შეიძლება ამომრჩევლების ხმების დამატებით 10 პროცენტი მიიღონ.

ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ კრემლი ყირგიზეთის პოლიტიკური ელიტის ფართო სპექტრთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობს მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ქიშპობა ხშირია. „ნეზავისიმაია გაზეტაში“ 27 სექტემბერს გამოქვეყნებული მასალის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირის თქმით, მწარე გამოცდილებამ რუს დიპლომატებს ასწავლა, რომ ყირგიზეთის ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტის ფონზე პოტენციური პოლიტიკური მოკავშირეების დივერსიფიკაცია ყველაზე ოპტიმალურ სტრატეგიას წარმოადგენს.

ამერიკის ხმის რუსულ რედაქციასთან საუბრისას ზოგიერთი მიმომხილველი აგრეთვე აღნიშნავს, რომ 7 აპრილს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დამხობის შემდეგ ეჭვგარეშეა ის, რომ რუსეთმა ყირგიზეთზე გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. რუსეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობის ლეგიტიმურობა აღიარა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ხოლო ივნისში ყირგიზეთის სამხრეთში მომხდარი ეთნიკური შეტაკებების დროს რუსეთმა იქ მშვიდობისმყოფელების გაგზავნაზე უარი თქვა. მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის სუვერენული რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს. თუმცა მიუხედავად ამისა ყირგიზი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ კრემლი ბიშკეკზე უდიდეს გავლენას ინარჩუნებს.

ბიშკეკში მდებარე საერთაშორისო ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ყუბან აშირკულოვმა ყირგიზ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „ყირგიზეთისთვის რუსეთში მომუშავე ყირგიზების ფულადი გადარიცხვები სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს რადგან ქვეყნის შიგნით აპრილისა და ივნისის ამბების შემდეგ სამეწარმეო საქმიანობის ჩავარდნა და საინვესტიციო კლიმატის აშკარა გაუარესება შეინიშნება.“

ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არეულობის შედეგად დაზარალებული ქალაქების ოშისა და ჯალალაბადის აღდეგნაში მათ რუსეთის ფინანსური დახმარების იმედი აქვთ.

XS
SM
MD
LG