ჯანდაცვის სააგენტოები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შიდსის შემთხვების მატებაზე საუბრობენ

ევროკავშირის დაავადებათა კონტროლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოითხოვენ ჩატარდეს შიდსის უფრო მეტი ტესტირება. ამ განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ იზრდება შიდსის არადიაგნოზრებული შემთხვევების რიცხვი და პაციენტები ძალიან გვიან სტადიაზე იგებენ საკუთარი დაავადების შესახებ. ეს პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დგას.

დაგვიანებული დიაგნოზი ხელს უწყობს ვირუსის გადადებას ერთი ადამიანიდან მეორეზე და ასევე ხელს უშლის პაციენტს მიიღოს წამლები, რომელიც მისი სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2019 წელს 136,000 ადამიანს დაუდასტურდა შიდსის შემთხვევა. კვლევაში შესული პაციენტები ჯანმოს ევროპული რეგიონის 53 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ.

ასევე ნახეთ: პანდემია უკან არ იხევს, შეზღუდვები მკაცრდება

ჯანმოს ინფორმაციით კი, ახალი დიაგნოზების 80% აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე მოდიოდა. ეს მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რუსეთს და რამდენიმე ქვეყანას ცენტრალურ აზიაში. კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ ამ რეგიონში არსებობს სამწუხარო ტრენდი, დიაგნოზის გვიან დასმისა, რაც ინფექციას აძლევს საშუალებას გავრცელდეს და ადამიანის იმუნურ სისტემას მძიმე ზიანი მიაყენოს.

„ეს იმის ნიშანია, რომ ტესტირების სტრატეგია ამ რეგიონში, შიდსის დროულად დიაგნოსტირებისთვის, კარგად არ მუშაობს“ ნათქვამია ევროკავშირის დაავადებათა კონტროლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

კვლევამ, ასევე აჩვენა, რომ რეგიონში ახალი დიაგნოზის შემთხვევები 19%-ითაა გაზრდილი. იზრდება იმ პაციენტების რიცხვიც, ვინც შიდსის მატარებელია, მაგრამ ამის დიგანოზი არ აქვს.

ასევე ნახეთ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისების ისტორია და ამერიკის პრეზიდენტები

სხვა ფაქტორებთან ერთად, შიდსის ტესტირებას კორონავირუსის პანდემიაც უშლის ხელს. ჯანმოს რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ახლანდელმა პანდემიამ ხელი არ უნდა შეუშალოს შიდსის დიაგნოსტირებას.

„მახსოვს დრო, როდესაც შიდსის დიაგნოზი სიკვდილის განაჩენივით იყო. ახლა სწორი მკურნალობით, ხალხს შეუძლია შიშის გარეშე იცხოვროს“, ამბობს ის. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში შიდსით 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.