მსოფლიოს ბევრ ნაწილში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ამერიკა კი კვლავ პირველია იმ სახელმწიფოთა სიაში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია. ქვეყანაში ამ დროისთვის 11 მილიონ 700 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ინფექცია ოფიციალურად დადასტურებული. შემდეგია ინდოეთი - 9 მილიონი ინფიცირებულით და ბრაზილია, სადაც ინფექცია 6 მილიონამდე მოქალაქეს აქვს დადასტურებული.
ამავე დროს, მექსიკა მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც ვირუსითა და მასთან დაკავშირებული გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. აქამდე ვირუსით ამდენი გარდაცვლილი მხოლოდ ამერიკაში, ბრაზილიასა და ინდოეთში ფიქსირდებოდა.
„ასოშეითედ პრესის“ ინფორმაციით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ორი კერძო კლინიკის ინფრასტრუქტურასა და პერსონალს იყენებს. სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ინფრასტრუქტურა გადატვირთულია და ამიტომ, კერძო სექტორის დახმარება სჭირდებათ, თუმცა სამედიცინო ცენტრები და ხელისუფლება ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
ამერიკის თითქმის ყველა შტატში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა. არაერთ შტატში შეზღუდვები მკაცრდება.
ნიუ-იორკში ოთხშაბათს ქვეყნის ყველაზე დიდი სასკოლო სისტემის დახურვის შესახებ განაცხადეს. ქალაქში უკვე მეშვიდე დღეა ინფიცირების დადასტურების მაჩვენებელი 3 %-ზე მაღალია. სასწავლო პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა ბოსტონსა და დეტროიტშიც.
გასულ კვირას ინფიცირებულთა ყოველდღიური, საშუალო ოფიციალური რაოდენობა 160 000-ს აჭარბებდა. ეს დაახლოებით სამჯერ მეტია იმაზე, რაც 1 თვის წინ იყო. ბოლო კვირის განმავლობაში დღეში დაახლოებით 1 100-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. ჰოსპიტალიზებულ პაციენტების რეკორდული რაოდენობის გამო ჯანდაცვის სპეციალისტებს გადატვირთულ რეჟიმსა და მდგომარეობაში უხდებათ მუშაობა
ბევრი შტატის ლიდერი ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად ზომებს ამკაცრებს. მინესოტის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ყველა რესტორანი, ბარი, სპორტული დარბაზი მომდევნო 4 კვირის განმავლობაში დახურული უნდა იყოს. მინესოტაში ახლა დღეში 4-ჯერ იმაზე მეტი დადებითი პასუხი ფიქსირდება, ვიდრე ოქტომბრის შუა რიცხვებში.
მადლიერების დღე
ამერიკის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები მოუწოდებენ ამერიკელებს, წელს სხვაგვარად აღნიშნონ საყვარელი დღესასწაული. დღე, როცა ამერიკელების უმეტესობა ოჯახის წევრებთან და ახლობელბთან ერთად იკრიბება და ხშირად შტატიდან შტატში მოგზაურობს, ახლა ექსპერტების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.
ვირჯინიის გუბერნატორმა რალფ ნორთემმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველაზე დიდი „სიყვარულის გამოხატულება“ სწორედ ეს იქნება. და თუკი ადამიანები მაინც აღნიშნავენ მადლიერების დღეს, ეს მცირე ჯგუფებში ან ღია სივრცეში გააკეთონ.
ამერიკის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივანი ალექს აზარიც მსგავსი მოწოდებით გამოვიდა: „დახურულ სივრცეებში შეკრება იმ ხალხისა, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, ვირუსის გავრცელების მხრივ ძალიან მაღალი რისკის შემცველია “, - თქვა მან.
მართალია ორი კომპანიის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინის შექმნისთვის საჭირო კვლევები წარმატებით მიმდინარეობს და მიღწეული შედეგები ძლიერ ეფექტურია, მაგრამ, ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ეს არ გამორიცხავს სიფრთხილის საჭიროებას.
აზარი ამბობს, რომ შესაძლოა დეკემბრის დასასრულისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოზა დისტრიბუციისთვის უკვე მზად იყოს. – 20 მილიონი იმ ამერიკელთა ასაცრელად, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა. ამერიკის ხელისუფლების პროგრამის თანახმად, ამერიკელებს ვაქცინისთვის საკუთარი თანხების გადახდა არ უნდა დასჭირდეთ.
მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც. 26 ნოემბერს დღესასწაულის აღსანიშად სპეციალური გაიდლაინებიც კი გამოიცა.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, როდესაც თითოეულმა და ყველა ამერიკელმა უნდა გააორმაგოს სიფრთხილის ზომები, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ატაროს ნიღაბი", - ამბობს ცენტრის წარმომადგენელი, დოქტორი ჰენტი უოლკი.
Facebook Forum