ამერიკული კომპანია „ფაიზერი“ და მისი გერმანელი პარტნიორი „ბიონტექი“ აცხადებენ, რომ ევროპაში წამლების რეგულატორზე კიბერ-თავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა მოიპოვეს „უკანონო“ წვდომა კოვიდ-19-ის ვაქცინის დოკუმენტებზე.
ევროპული მედიცინის სააგენტო ევროკავშირის რეგულატორია, რომელიც მედიკამენტებსა და ვაქცინებს ამტკიცებს. სააგენტო აცხადებს, რომ ის კიბერ თავდასხმის სამიზნე გახდა. თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.
ასევე ნახეთ: ამერიკაში დღეს კოვიდ-19-ის პირველი ვაქცინის დამტკიცებას განიხილავენ„ფაიზერი“ და „ბიონტექი“ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ცდებში მონაწილე პირთა მონაცემები არ მოუპარავთ. ევროპული მედიცინის სააგენტო აღნიშნავს, რომ კიბერ-თავდასხმა ვაქცინის დაშვების გადაწყვეტილების მიღებას ხელს არ შეუშლის.
დეტალები იმაზე, თუ ვინ დგას კიბერ თავდასხმის უკან, ან რა სახის ინფორმაცია მოიპოვეს მათ, ჯერჯერობით უცნობია.
ორი კომპანიის თქმით, მათ სააგენტომ აცნობა, რომ ის ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა და რომ კომპანიის მიერ რეგულატორისთვის შესასწავლად გაგზავნილ დოკუმენტებზე ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს დოკუმენტები სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინის შესაქმნელად შეიძლება ძალზე ღირებული იყოს.
„როცა იმ მონაცემებზე ვსაუბრობთ, რომელიც შესასწავლად საინსპექციო სამსახურებს გადაეცემა, ჩვენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ვგულისხმობთ, რომელიც მოიცავს ვაქცინის მოქმედების მექანიზმს, ეფექტურობას, რისკებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს“, - ამბობს მარკ როჯერსი, მოხალისეთა ჯგუფის „სი-თი-აი“ ლიგის ხელმძღვანელი, რომელიც კოდივ-19-თან დაკავშირებულ კიბერ-აქტივობებზე მუშაობს.
ასევე ნახეთ: ვაქცინის გადაზიდვა და ავიახაზების წამყვანი როლი„ფაიზერის“ და „ბიონტექის“ ერთობლივი ვაქცინა მსოფლიოში მოწინავეა და პირველია, რომელიც უკვე გამოიყენება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში. ლონდონმა ვაქცინაცია სამშაბათს დაიწყო. ოთხშაბათს ის კანადამაც დაამტკიცა.
ორმა კომპანიამ განმარტა, რომ მათ სისტემაზე თავდასხმა არ მომხდარა და რომ თავს ევროპულ რეგულატორს დაესხნენ. მათ მეტი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ. ევროპის მედიცინის სააგენტომ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე ნახეთ: "შოკისმომგვრელია" კოვიდ-სიტუაცია ამერიკაში - ჯანმო“ვაქცინაზე ინფორმაციას და დისტრიბუციის ჯაჭვზე წვდომას მაღალი ფასი აქვს“, - ამბობს როჯერსი.
ჯანდაცვის და სამედიცინო ორგანიზაციებზე ჰაკერული შეტევები, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით გააქტიურდა. ჰაკერების ნაწილის უკან სახელმწიფოები დგანან, რომლებიც ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. სააგენტო „როიტერი“ აქამდეც საუბრობდა ბრალდებებზე, რომ ჰაკერები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეას, ირანს, ვიეტნამს, ჩინეთსა და რუსეთს უკავშირდებიან, ვირუსზე და მისი მკურნალობის გზებზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.
კიბერ თავდასხმების მსხვერპლი იყო წელს კომპანია „გილეადი“, ასევე - „ჯონსონი და ჯონსონი“, „ნოვავაქსი“, თუ „მოდერნა“. ჰაკერები თავს დაესხნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.
ამ დრომდე მსოფლიოში კორონავირუსით 68 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 1.5 მილიონი ადამიანი.