კალიფორნიის შტატის დიდ ნაწილში ორშაბათს ამერიკაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. შტატის მცხოვრებთა უმეტესობას სახლში დარჩენა მოეთხოვება. დაიხურა მაღაზიების ნაწილიც. კალიფორნიაში გასულ უქმეებზე ინფიცირების რეკორდულად ბევრი - დღეში 30 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გუბერნატორ გავინ ნიუსომის ბრძანება, რომელიც დაახლოებით 23 მილიონამდე სამხრეთ კალიფორნიელს ეხება, მეტწილად იმ ტერიტორიებზე ვრცელდება, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები და საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა უკვე 15 %-ზე ნაკლებია.
შეზღუდვის ზომები მოხალისეობრივად თავად გაამკაცრეს ჩრდილოეთ კალიფორნიის 5 ადმინისტრაციულ ოლქშიც, მათ შორის სან-ფრანცისკოს ყურის მიმდებარე ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ჯერჯერობით ასე გადატვირთული არ არის.
კალიფორნიაში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ აქამდეც მოუწოდებდნენ, მას შემდეგ, რაც ის გაზაფხულზე ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული შტატი იყო. ახალი ბრძანების თანახმად, რომელიც სულ მცირე, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში იმქომედებს, ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეთა თავყრილობას კრძალავს. იკეტება კრიტიკული ინფრატსრუქტურისა და საკვები პროდუქტების, მედიკამენტების თუ სხვა არსებითი საჭიროების მაღაზიების გარდა, თითქმის ყველა სხვა მაღაზია. მოქალაქეებს ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.
ნიუსომი, შტატის დემოკრატი გუბერნატორი ადგილობრივ ხელისუფლებას დაფინანსების შემცირებით ან შეწყვეტით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან. რამდენიმე ოლქში შერიფები გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. ლოს-ანჯელესის, ორინჯისა და რივერსაიდის შერიფებმა განაცხადეს, რომ მათი პოლიციელები შეზღუდვას არ აღასრულებენ და იმ ბიზნესებს, რომლებიც ახალ წესებს არ იცავენ, არ დააჯარრიმებენ.
კალიფორნიაში კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 30 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მანამდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები, 4 დეკემბერს იყო - 21 986 ახალი შემთხვევით. ამასთან, შტატში რეკორდულად დიდია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობაც.
ერთ დღეში რეკორდულად მაღალია ინფიცირებულთა რიცხვი ნიუ-ჯერსის, ჩრდილოეთ კაროლინის, ვირჯინიისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებშიც. გასულ კვირაში, საშუალოდ, 193 863 იყო ქვეყნის მასშტაბით დღეში დაფიქსირებული კოვიდ-დადებითი პაციენტების რაოდენობა.
შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 სულ 14 700 000 ადამიანს აქვს ოფიციალურად დადასტურებული.
Facebook Forum