ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში დღეს კოვიდ-19-ის პირველი ვაქცინის დამტკიცებას განიხილავენ


შეერთებულ შტატებში, "ფაიზერის" და "ბიონტექის" მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის ვაქცინის დამტკიცების თაობაზე, მარეგულირებლის გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან. საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაციის საგანგებო პანელის წევრები დღეს შეიიკრიბნენ და მალე გადაწყვეტენ, უსაფრთხო და ეფექტურია თუ არა კომპანიის კოვიდ-19-ის ვაქცინა ამერიკელებისთვის.

დამტკიცების პროცესი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. მისი ყურება სოციალურ ქსელ "იუ-ტუბზეა" შესაძლებელი.

ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის "ფაიზერი" და გერმანული "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა ჯერ ბრიტანეთმა, შემდეგ კი - კანადამ. ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაცია სამშაბათს უკვე დაიწყო. კანადამ კი ვაქცინა ოთხშაბათს დაამტკიცა და ვაქცინაციას მომავალ დღეებში დაიწყებს.

თუ დღეს, შეერთებული შტატების ვაქცინების და მსგავსი ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა კომიტეტი გადაწყვეტს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, მოსალოდნელია, რომ საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია მას საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე პარასკევს, ან შაბათს დაამტკიცებს. ამერიკის მთავრობის ორგანიზებით, პირველი 6.4 მილიონი დოზის დისტრიბუციისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მზად არის.

აცრებზე პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკებს ენიჭებათ. კერძო კლინიკებთან ერთად, დაახლოებით 44 000 ვაქცინას აშშ-ის არმია მიიღებს, რომელიც პირველ რიგში სამხედრო ჰოსპიტლების თანამშრომლებს აცრის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG