ათენში მაკედონიასთან შეთანხმებას განიხილავენ

საბერძნეთის პარლამენტში მაკედონიასთან მიღწეულ შეთანხმებას განიხილავენ. წარმატებით დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულება ათენს და სკოპიეს შორის თითქმის 30-წლიან დავას დაასრულებს და მოიხსნება ბოლო ბარიერი მაკედონიის ევროპის კავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

საბერძნეთის პარლამენტი შეთანხმების კენჭისყრას ხუთშაბათისთვის გეგმავს. ქვეყნის მოსახლეობაში მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

კვირას, ძალადობით დასრულდა საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში, რომლის ასობით მონაწილე აცხადებდა, რომ შეთანხმება საბერძნეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.

დამტკიცების შემთხვევაში, საბერძნეთის მეზობელი სახელმწიფოს სახელი გახდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა. ბერძენი ოპოზიციონერები კი თვლიან, რომ მეზობელი ქვეყნის სახელში მაკედონია საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს, რადგან ეს ბერძნული პროვინციის სახელწოდებაა.