კვირას საბერძნეთში მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
შემოდგომაზე მაკედონიაში რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის უმეტესობამ მხარი სახელის შეცვლას დაუჭირა და ის "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკად" გადაკეთდა. მაკედონიის მიერ სახელის შეცვლა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა. ევროპულ სტრუქტურებში მაკედონიის წევრობას საბერძნეთი სწორედ მისი სახელწოდების გამო ეწინააღმდეგებოდა. ათენი აცხადებდა, რომ ისტორიულად "მაკედონია" საბერძნეთის ჩრდილოეთში უდიდესი რეგიონის სახელწოდებაა, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელის სახელიც უკავშირდება და სწორედ ამიტომ ათენი წინ უდგებოდა ოფიციალური სკოპიეს მიერ ქვეყნის სახელად "მაკედონიის" გამოყენებას. შეთანხმებას საბერძნეთსა და მაკედონიას შორის ხელი გასული წლის ივნისში მოეწერა. ეს გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საბერძნეთის პარლამენტი ამ სკაითხზე სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს იმსჯელებს.
თუმცა, კვირას გამართულმა საპროტესტო აქციამ კიდვე ერთხელ გამოააშკარავა რამდენად დაყოფილია საზოგადოება ამ შეთანხმების თაობაზე.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პარასკევს "ტვიტერზე" გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დემონსტრაციაზე 150 000-მდე ადამიანი გეგმავდა დასწრებას.
ადამიანები, რომლებიც ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ მაკედონიის მიერ ახალი სახელის შერჩევა ბერძნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის მითვისების მცდელობაა. მას განსაკუთრებით აპროტესტებენ სწორედ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ისინი ადგილობრივი წარმოშობის კანონმდებლებისგან ხმის ამ შეთანხმების წინააღმდეგ მიცემას ითხოვენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ კვირაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70% შეთანხმებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ შეთანხმების გამო პრემიერ-მინისტრ ალექსი ციპრასს მისივე მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და მოკავშირე განუდგა. ამის შემდეგ კი ციპრასმა მინიმალური საჭირო ხმები მოიპოვა პარლამენტში იმისათვის, რომ პოსტზე დარჩენილიყო.
ციპრასი სატელევიზიო დებატებს ითხოვს ამ შეთანხმების თაობაზე სასაუბროდ, ის მანამდე უნდა გაიმართოს, სანამ პარლამენტი გადაწყვეტილების რატიფიცირების საკითხს კენჭს უყრის.
საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერებმა 27-წლიანი უთანხმოების დასასრულებლად, შეთანხმებას გასული წლის ივნისში მოაწერეს ხელი. გასულ კვირას, მაკედონიის პარლამენტმა ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინა. თუმცა ამას პროტესტის გარეშე არც იქ ჩაუვლია, ოპოზიცია ამბობდა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მათმა ლიდერმა ბევრი საკითხი დათმო და ზედმეტად დიდ კომპრომისზე წავიდა.
ციპრასი ამბობს, რომ ეს შეთანხმება ბალკანეთის რეგიონში სტაბილურობას გააძლიერებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქტიურად გამოხატავენ ამ შეთანხმების მიმართ მხარდაჭერას.
Facebook Forum