საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოიპოვა. ციპრასმა პარლამენტის წინაშე ეს საკითხი მას მერე დააყენა, რაც მას უმთავრესი მოკავშირე და სამთავრობო კოალიციის წევრი, ულტრა-მემარჯვენე თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი დაუპირისპირდა და თანამდებობა თავისი გუნდის წევრებთან ერთად დატოვა.
ეს იმ შეთანხმებისადმი პროტესტის ნიშნად მოხდა, რომელსაც ოფიციალურმა ათენმა და სკოპიემ მიაღწიეს მაკედონიის სახელთან დაკავშირებით. კოალიციური მთავრობა ციპრასის პარტიის "სირიზას" მეთაურობით მოქმედებდა. მათი მთავარი მოკავშირეები კი ულტრა მემარჯვენე "დამოუკიდებელი ბერძნები" იყვნენ.
პარლამენტში ციპრასმა 151 მხარდამჭერი ხმა მიიღო - ზუსტად ის მინიმალური რაოდენობა, რაც მას თანამდებობის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა 300-წევრიანი პარლამენტისგან.
პრემიერის მემარცხენე პარტიას, „სირიზას“ 145 მანდატი აქვს. სწორედ ამიტომ კოალიციის დაშლის შემდეგ მის მიერ ხმათა უმრავლესობის მიღება საეჭვო იყო.
პოლიტიკური განხეთქილება ხანგრძლივ პროცესს უკავშირდება, რომელიც მაკედონიის სახელის ირგვლივ დაიწყო. შემოდგომაზე მაკედონიაში რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის უმეტესობამ მხარი სახელის შეცვლას დაუჭირა და ის "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკად" გადაკეთდა. მაკედონიის მიერ სახელის შეცვლა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა. ევროპულ სტრუქტურებში მაკედონიის წევრობას საბერძნეთი სწორედ მისი სახელწოდების გამო ეწინააღმდეგებოდა. ათენი აცხადებდა, რომ ისტორიულად "მაკედონია" საბერძნეთის ჩრდილოეთში უდიდესი რეგიონის სახელწოდებაა და სწორედ ამიტომ წინ უდგებოდა ოფიციალური სკოპიეს მიერ ქვეყნის სახელად "მაკედონიის" გამოყენებას. შეთანხმებას საბერძნეთსა მაკედონიას შორის ხელი გასული წლის ივნისში მოეწერა. ეს გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
მაკედონიის პარლამენტმა ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება გასულ კვირას მოახდინა. თუმცა საბერძნეთის პარლამენტმა ამაზე ჯერ კიდევ უნდა იმსჯელოს. სავარაუდოდ კენშისყრა იანვარში გაიმართება.
ციპრასის ოთხწლიანი ვადა ოქრომბერში იწურება. თუმცა მაკედონიის საკითხი ბევრი ბერძენისთვის "წითელი ხაზია". ზოგიერთი ოპოზიციონერი ციპრასის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას ეროვნული ინტერესების გაყიდვას უწოდებს. 20 იანვარს ათენის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. აქამდე გამართულ მსგავს აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
"ეს არის ეროვნული ზიანის მომტანი შეთახმება", - ამბობს კირიაკოს მიტსოტაკისი, მთავარი ოპოზიციური ძალის "ახალი დემოკრატიის" კონსერვატორი ლიდერი. მისი თქმით, ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და ამისთვის საჭირო გზა არჩევნებია.
Facebook Forum