საბერძნეთის პარლამენტმა ოთხშაბათს უნდა გადაწყვიტოს, უცხადებს თუ არა მხარდაჭერას ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს.
პარლამენტში კენჭისყრის გადაწყვეტილება პრემიერმა, ალექსის ციპრასმა მას შემდეგ მიიღო, რაც მას მთავარი მოკავშირე გაეთიშა, რის გამოც მისი კოალიცია პრაქტიკულად დაიშალა. შესაბამისად, პრემიერის მიერ პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მიღების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კოალიციური მთავრობა ციპრასის პარტიის "სირიზას" მეთაურობით მოქმედებდა. მათი მთავარი მოკავშირეები კი ულტრა მემარჯვენე "დამოუკიდებელი ბერძნები" იყვნენ.
ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადადგა სწორედ "დამოუკიდებელი ბერძნების" ლიდერი - ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ეს მან მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების მიმართ პროტესტის ნიშნად გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მას მისი გუნდის 6 წევრი - 6 მინისტრიც დატოვებდა თანამდებობას.
პოლიტიკური განხეთქილება ხანგრძლივ პროცესს უკავშირდება, რომელიც მაკედონიის სახელის ირგვლივ დაიწყო. შემოდგომაზე მაკედონიაში რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის უმეტესობამ მხარი სახელის შეცვლას დაუჭირა და ის "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკად" გადაკეთდა.
მაკედონიის მიერ სახელის შეცვლა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა.
ევროპულ სტრუქტურებში მაკედონიის წევრობას საბერძნეთი მისი სახელწოდების გამო ეწინააღმდეგებოდა. ათენი აცხადებდა, რომ ისტორიულად "მაკედონია" საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელწოდებაა და სწორედ ამიტომ წინ უდგებოდა ოფიციალური სკოპიეს მიერ ქვეყნის სახელად "მაკედონიის" გამოყენებას.
თუმცა ახლა გაურკვეველია, რამდენად შეძლებს მოქმედი პრემიერი კანონმდებლების მხარდაჭერის მიღებას. ციპრასის მმართველ, მემარცხენე პარტიას 145 მანდატი აქვს პარლამენტში, ჰყავს მხარდამჭერი ერთი დამოუკიდებელი კანონმდებელიც. გადამდგარი თავცვის მინისტრის, პანოს კამენოსის „დამოუკიდებელი ბერძნების“ პარტიას კი პარლამენტში 7 წევრი ჰყავს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ციპრასის ადმინისტრაციამ 150-ზე მეტი ხმა მოიპოვოს 300-წევრიან პარლამენტში, მაგრამ კამენოსი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი ციპრასს მხარს არ დაუჭერენ. თუმცა მისი პარტიის 4-მა წევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ციპრასისთვის ხმის მიცემას აპირებს.
მთავრობის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ ადმინისტრაცია დარწმუნებულია, ციპრასი ხმათა უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და თავის 4-წლიან ვადას ოქტომბერში, დაგეგმილ დროს დაასრულებს.
გასული ორი დღის განმავლობაში ციპრასმა პარლამენტის წინაშე წარდგომისას თქვა, რომ მაკედონიასთან შეთანხმების მიღწევა მისი "პატრიოტული მოვალეობა" იყო მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევდა.
მან კანონმდებლებს მოუწოდა კიდევ ერთხელ დაუჭირონ მხარი, რადგან სწორედ მისმა გუნდმა შეძლო საერთაშორისო ვალების გამო წარმოქმნილი ფინანსური კრიზისიდან საბერძნეთის გამოყვანა. მისი თქმით, მათ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. ამისთვის კი საჭიროა ვადის ბოლომდე, 2019 წლის ოქტომბრამდე შეძლოს პოსტზე დარჩენა. ამ გამოსვლების შემდეგ მას მხარდაჭერა გამოუცხადა ცენტრისრული პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, რაც მოქმედ პრემიერს უკვე 151 ხმას აძლევს - მინიმუმს იმისთვის, რომ მისმა ხელისუფლებამ მუშაობა განაგრძოს და ახალი კაბინეტი დაკომპლექტდეს.
Facebook Forum