ათენი და ნიქოზია: ევროკავშირთან თურქეთის დაახლოება უპირობო არ უნდა იყოს

საბერძნეთი და კვიპროსი, ევროკავშირთან ურთიერთობების გასაძლიერებლად, თურქეთის ნაბიჯებს მიესალმება. თუმცა, ათენი და ნიქოზია აცხადებს, რომ ეს დაახლოება ეტაპობრივი და პირობებზე დაფუძნებული უნდა იყოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 20 ივლისს განაცხადეს, რომ მზად არიან, ამ მიმართულებით თურქეთთან ურთიერთობა განაახლონ, თუმცა ანკარას წევრობის მოლაპარაკებების განახლების შესახებ, მკაფიო შეთავაზება არ მიუღია.

ასევე ნახეთ: ერდოღანი: შვედეთის წევრობის რატიფიცირება შემოდგომამდე ვერ მოხერხდება

თურქეთი, ორ ათეულ წელზე მეტია, ევროკავშირის კანდიდატია. მაგრამ, მოლაპარაკებები 2016 წელს შეჩერდა. მიზეზი, ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ბლოკის შეშფოთება იყო.

პროცესს ასევე აფერხებდა კვიპროსის დაყოფა, ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის, რაც თურქეთისა და საბერძნეთის უთანხმოების მიზეზია.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა თქვეს, რომ ისინი მიესალმებიან თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ ეს უნდა იყოს "ეტაპობრივი" და საჭიროების შემთხვევაში, „არაშეუქცევადი“.

„ამ ორი სიტყვით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ შეიძლება ოპტიმიზმით განწყობილი ვიყოთ, მაგრამ არ ვართ გულუბრყვილოები“, - განუცხადა მიცოტაკისმა ჟურნალისტებს ნიქოზიაში, ქრისტოდულიდესთან შეხვედრის შემდეგ. ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია.

ქრისტოდულიდესმა თქვა, რომ თურქეთთან პოზიტიური დღის წესრიგის დაწყება ასევე გულისხმობს ანკარას მხრიდან კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით "დადებით ნაბიჯებს".

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროკავშირის პარტნიორებიც იგივე შეხედულებას იზიარებდნენ“, - თქვა ქრისტოდულიდესმა.