„რას აკეთებს ეს სისხლიანი რეკლამა ჩემს თამაშში?“ - რეკლამები საბავშვო ვიდეო თამაშებში

„ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ისინი, ვინც ზიანს გვაყენებენ, მძიმე ფასს გადაიხდიან“ - ეს არის სარეკლამო ვიდეორგოლის გზავნილი, რომელიც ჩრდილოეთ ლონდონში მცხოვრები 6 წლის ბიჭის, ტელეფონის ეკრანზე, თამაშის დროს გამოჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ვიდეოთამაშებში, ისრაელის მხარდამჭერი რეკლამების გამოჩენის შესახებ, მოზარდის დედაზე დაყრდნობით წერს.

ასევე ნახეთ: ისრაელი ქალაქ ღაზას ორი მხრიდან უტევს

„ის შოკში იყო“ - ამბობს 6 წლის ბიჭის დედა, „როიტერთან“ ინტერვიუში. „მან სიტყვა-სიტყვით ასე თქვა: რას აკეთებს ეს სისხლიანი რეკლამა ჩემს თამაშში?“

„ნაჩვენები იყო „ჰამასის“ მებრძოლები, შეშინებული ისრაელელი ოჯახები და ვიდეოები მძიმე გამოსახულებით, რომლებიც დაბლარული იყო. გზავნილი კი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იყო“ - ასე აღწერს 28 წლის მარია ჯულია კასისისი ვიდეოს, რომელიც მისმა ვაჟმა, ტელეფონზე თამაშის დროს ნახა.

„როიტერმა“ ვერ დაადგინა, თუ როგორ მოხვდა რეკლამა მოზარდის ვიდეოთამაშში, მაგრამ ირკვევა, რომ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის გამოცილება არ არის. საინფორმაციო სააგენტომ ასევე აღწერა ხუთი სხვა შემთხვევა, როცა ვიდეოთამაშში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ასახავდა სარაკეტო თავდასხმებს, აფეთქებებს, ნიღბიან შეიარაღებულ პირებს.

სულ მცირე ერთ შემთხვევაში, რეკლამები გამოჩნდა პოპულარული "Angry Birds" თამაშში, რომელიც დამზადებულია SEGA-ს მფლობელობაში მყოფი დეველოპერი Rovio მიერ.

Rovio-მ განაცხადა - „რაღაც შემაშფოთებელი შინაარსის მქონე რეკლამებმა შეცდომით შეაღწიეს ჩვენს თამაშს“. კომპანიის წარმომადგენელს, „როიტერისთვის“ არ მიუწოდებია დეტალები იმის შესახებ, თუ რომელმა სარეკლამო პარტნიორმა მიაწოდა რეკლამა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ციფრული განყოფილების ხელმძღვანელმა, დევიდ სარანგამ დაადასტურა, რომ ვიდეო იყო მთავრობის მიერ შექმნილი რეკლამა, მაგრამ თქვა, რომ "წარმოდგენა არ აქვს", როგორ მოხვდა ის სხვადასხვა თამაშებში.

Your browser doesn’t support HTML5

"შვილებს დედების თვალწინ კლავდნენ" - რა მოხდა ისრაელში?

მისი თქმით, ეს კადრები იყო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ფართო ადვოკატირების აქციის ნაწილი. უწყებამ ინტერნეტ რეკლამებზე 1,5 მილიონი დოლარი დახარჯა. ეს მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა გასამხედროებულ დაჯგუფებას ომი გამოუცახდა. 1997 წლიდან, შეერთებულ შტატებს, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

„ჩვენ გვსურს, მსოფლიომ გაიგოს რა მოხდა აქ, ისრაელში. ეს იყო ხოცვა-ჟლეტა“ - თქვა სარანგამ და ამით ხსნის სარეკლამო რგოლში შეყვანილ მძიმე კადრებს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, პალესტინელთა მხრიდან, ანალოგიური სარეკლამო კამპანიის ძალისხმევის შესახებ. ეს არის არაბულენოვანი ვიდეოები, რომლებსაც დასავლეთ სანაპიროზე დაფუძნებული Palestine TV ავრცელებს. ეს არის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც პალესტინელთა ხელისუფლების მიერ არის დაფუძნებული.

Your browser doesn’t support HTML5

იყო თუ არა სოციალური მედია მოუმზადებელი ტერორისტად გამოცხადებული "ჰამასის" მასალებისთვის?

პალესტინელთა ხელისუფლების საგარეო უწყება აცხადებს, რომ ისინი ისრაელის დაბომბვის შედეგად, ღაზაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმირებისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით მუშაობს.თუმცა, უწყებას არ დაუზუსტებია, იყენებს თუ არა ამ მიზნებისთვის სარეკლამო ვიდეორგოლებს.

ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლებმა, რომელიც ღაზას მართავს, სააგენტოს კომენტარზე უარი უთხრა.