საქართველო ისევ აზიისკენ იყურება

ვერა ქობალია მუმბაიში

ქართული ეკონომიკა ინდური ინვესტიციების მოლოდინში

საქართველოს მთავრობამ, რომელიც მეორე წელია, „საინვესტიციო შიმშილს“ ვერაფერს უხერხებს, მზერა ისევ აზიის კონტინენტს მიაპყრო. შარშან, ჩინეთსა და ინდოეთში უკვე იმყოფებოდა წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია პრემიერ ნიკა გილაურის მეთაურობით. ახლახანს, კი ინდოეთი და სინგაპური ეკონომიკის მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ მოიარა.

სინგაპურის ეკონომიკური სასწაული და იქ განხორციელებული რეფორმების გაზიარება „ლომის ქალაქში“ გამართულ შეხვედრებზე ძირითადი თემა იყო. მინისტრს შეხვედრები ჰქონდა სინგაპურის განვითარების ბანკში, რომელიც აზიის ერთ-ერთ უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია. ასევე აზიის უდიდეს საინვესტიციო კომპანია „ტემასეკ ჰოლდინგში“, სადაც ქართველები სინგაპურელი ინვესტორების „საქართველოს რკინიგზით“ დაინტერესებას შეეცადნენ. ეკონომიკის მინისტრი ვერონიკა ქობალია ამბობს:

„როდესაც ვსაუბროთ რომ სინგაპურსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ, ასევე, რა თქმა უნდა არსებობს ბევრი განსხვავება და ამიტომ, ნებისმიერი განვითარების მოდელი, რომელიც უნდა შემოვიტანოთ საქართველოში რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უნდა იყოს შექმნილი.

სინგაპურში გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა განვითარების ბანკი და რამდენიმე ფინანსური ორგანიზაცია, რომლებიც კონკრეტულად უცხოელი ინვესტორების შემოყვანაზე მუშაობდნენ. მათ არა აქვთ ბუნებრივი რესურსები და არ აქვთ საშუალება შექმნან დიდი კორპორაციები თვითონ სინგაპურში, ამიტომ უცხოური ინვესტიციების მეშვეობით მოახერხეს თავიანთი განათლებული მოსახლეობის დასაქმება.

ზუსტად, იგივე გვინდა საქართველოში. იმისათვის, რომ გავზარდოთ შიდა ბაზარი და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი და წარმოება საქართველოში, უნდა თავიდან შემოვიყვანოთ უცხოური ინვესტიციები.“

სინგაპურამდე ქართული დელეგაცია ინდოეთის ქალაქ მუმბაიში წარმომადგენლობით ბიზნეს- კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ფოთის ნავსადგურის ამჟამინდელი მფლობელის არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანია „რაკიინ ჯორჯიას“ მიერ იყო ორგანიზებული და „რაკიინის“ ყველაზე წარუმატებელ ქართულ პროექტს - ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მიეძღვნა.

ამ ზონის ოფიციალური გახსნა უცხოელი ინვესტორების ნაკლებობის გამო შვიდჯერ გადაიდო. ოფიციალური ინფორმაციით, ზონაში დარეგისტრირებული ორმოცამდე კომპანიიდან, რეალურად მხოლოდ ორი საქმიანობს. მათ შორის, არ არის ადრე ფართოდ რეკლამირებული სამხრეთ კორეული გიგანტი LG.

„რაკიინისა“ და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ფოთის თავისუფალ ზონაში ასი მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო მოზიდული, თუმცა უცხოელი ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებას არ ჩქარობენ. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, რომელიც ასევე დაესწრო ინდურ ბიზნეს-ელიტასთან შეხვედრას ამბობს:

„მძიმე ვითარება შეგვექმნა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთის შემოტევის გამო. ამას მოჰყვა ინვესტორების შემცირება, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად მსოფლიოში დაიკლო ინვესტიციებმა;

ჩვენთან, სამწუხაროდ, ჯერჯეობით მცირე რაოდენობის ინვესტიციები შემოდის, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი პროექტი და გვინდა რომ მათ შემოსვლაში დავეხმაროთ. ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთადერთი საშუალება, ამას ხაზგასმით ვამბობ, არის უცხოური ინვესტიციები. სხვა განვითარების საშუალება საქართველოს ეკონომიკას არ გააჩნია.“

ინდური ინვესტიციების წილი 2009 წელს საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში, მხოლოდ სამი პროცენტი იყო და 20 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეს თანხა მთლიანად ინდურ კომპანია „ჯინდალ პეტროლიუმზე“ მოვიდა, რომელმაც კახეთში ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების ტენდერი მოიგო. სულ „ჯინდალი“ 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

2010 წელს, ქართულ-ინდური პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ინვესტიციები არ ყოფილა. მხოლოდ ერთმა ინდოელმა მეწარმემ ოზურგეთში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხანა შეიძინა.

წელს, თებერვალში, საქართველოს ბაზრის გასაცნობად ინდური კინოინდუსტრიის - ბოლივუდის პროდიუსერთა დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, თბილისში ასევე გაიხსნა ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფილიალი.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ხდება „ხუდონჰესის“ აშენებასთან დაკავშირებით, რომელიც ინდური გიგანტის შვილობილ „ტრანს ელექტრიკას“ უნდა დაეწყო. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მუმბაის შეხვედრის შემდეგ, ინდოელების გააქტიურებას ელის:

„სადღაც ათ წელიწადში ინდოეთი, ჩინეთი და აზიის სხვა მზარდი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და ძლიერი ქვეყნები იქნებაიან ეკონომიკის კუთხით მსოფლიოში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება. შევეცადოთ, რომ ძლიერი ინდური კომპანიები შემოვიყვანოთ საქართველოში, აქ შემქნათ სამუშაო ადგილები ჩვენი მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, ვისწავლოთ იმათ მაგალითზე, თუ როგორ განავითარეს ეკონომიკა.

მუმბაიში დიდი ინტერესი იყო ფოთის ინდუსტრიული ზონის მიმართ, ინდური კომპანიების უმრავლესობას წარმოების კუთხით უნდათ საქართველოში შემოსვლა, ასევე აინტერესებთ სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორები.“

მთავრობა 2010 წელს მილიარდ 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდა, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტის 9 თვის მონაცემებით, მხოლოდ 433 მილიონი დოლარი შემოვიდა.სტატისტიკის დეპარტამენტს დღემდე არ გამოუქვეყნებია 2010 წლის ზუსტი საინვესტიციო სურათი.

საქართველოს მთავრობის ახალი პროგნოზით, 2011 წელს ქვეყანაში მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, თუმცა ექსპერტები ამ გათვლებს პესიმისტურად უყურებენ.