მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ იმიგრანტები მათი ქვეყნისთვის არის ძალა და არა ტვირთი. ამ თემაზე მოსახლეობის პოზიციებით და დამოკიდებულებით, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "პიუ" დაინტერესდა.
მკვლევარებმა იმიგრანტების შესახებ მოქალაქეები 18 ქვეყანაში გამოკითხეს და გაირკვა, რომ იმიგრანტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჭარბობს.
იმიგრანტებს, როგორც ძალად აღიქვამენ: კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, მექსიკაში, ესპანეთში საფრანგეთსა და ჰოლანდიაში.
საწინააღმდეგო პოზიცია ჭარბობს სამხრეთ აფრიკაში, პოლონეთში, რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში და უნგრეთში. ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ იმიგრანტები მათ ქვეყნებს ტვირთად აწევს.
მიუხედავად იმისა, რომ იმიგრანტებს 18 ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი ძალად აღიქვამს, ამავე ქვეყნებში ფიქრობენ, რომ მათი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი იმიგრანტების დეპორტაცია უნდა მოხდეს. 18 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული მოქალაქეების 60% არალეგალთა დეპორტაციას ემხრობა, 35 კი არა.
ყველაზე მეტად დეპორტაციას ემხრობიან: საბერძნეთში, რუსეთში, შვედეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, უნგრეთში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და კანადაში.
საფრანგეთში არალეგალთა დეპორტაციას 50% ემხრობა, თუმცა დეპორტაციის წინააღმდეგია 48%.
არალეგალთა დეპორტაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ერთ პროცენტიანი სხვაობაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გამოკითხულთა 47 პროცენტი ფიქრობს, რომ არალეგალურად ქვეყანაში მყოფი პირების დეპორტაცია არ უნდა მოხდეს, 46 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ უსაბუთოთ ქვეყანაში მყოფი პირების დეპორტაცია უნდა მოხდეს.
რაც შეეხება მექსიკას, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ უსაბუთო ადამიანების ქვეყნიდან გაძევება არ უნდა მოხდეს, დეპორტაციას 43 პროცენტი ემხრობა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, ყველაზე მეტი იმიგრანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, შემდეგ კი გერმანიაში.