რუსეთი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, აცხადებს გერმანიის საგარეო უწყება. ბერლინმა აღნიშნა, რომ ნატო კონფლიქტის მხარე არ უნდა გახდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია, როცა სამშაბათს სტრასბურგში გამართულ ღონისძიებაზე, თქვა, რომ "ჩვენ ომს ვაწარმოებთ რუსეთის წინააღმდეგ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ".
მისი განცხადება სულ ერთი დღით უსწრებდა წინ გერმანიის ოფიციალურ დაპირებას, რომ ბერლინი უკრაინას მოწინავე "ლეოპარდის" ტანკებს გადასცემს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ თავის "ტელეგრამ" არხზე ბერბოკის კომენტარები წარმოაჩინა, როგორც მტკიცებულება, რომ დასავლეთი აწარმოებს "განზრახ ომს რუსეთის წინააღმდეგ".
ასევე ნახეთ: პესკოვი ამბობს, რომ ამერიკული "აბრამსები" უკრაინაში "დაიწვება"მიუხედავად იმისა, რომ ბერბოკი უფრო ხმამაღლა საუბრობს უკრაინის დახმარების საჭიროებაზე, ვიდრე კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტის სხვა წევრები, ბერლინი ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ მას სურს, ნატოს ალიანსი არ გახდეს კონფლიქტის მხარე. ეს შეშფოთება იყო გერმანიის მიერ უკრაინაში "ლეოპარდის" ტანკების გაგზავნის დაყოვნების მიზეზი.
„რუსული პროპაგანდა მუდმივად იღებს განცხადებებს, წინადადებებს, ჩვენი მთავრობის თუ პარტნიორების პოზიციებს და იყენებს მათ მისი მიზნებისთვის“,- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.