შოლცმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, 15 ნოემბერს, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ თავად გერმანიის მთავრობა იუწყება.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოსთხოვა და ხაზი გაუსვა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, შოლცმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც კიევს დასჭირდება. გარდა ამისა, შოლცი მალე მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ბერლინის ცნობით, შოლცსა და პუტინს შორის ბოლო პირდაპირი საუბარი 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

ასევე ნახეთ: უკრაინამ და მისმა მხარდამჭერებმა, ომის შემდგომი უკრაინის აღდგენის საკითხზე იმსჯელეს