„2017 წლის ყველაზე დიდი სიურპრიზი და სენსაცია ფარიკაობაში“ - ეს შეფასება კატალონიურ გამოცემა Fosbury-ის ეკუთვნის. „გოგონა, რომელმაც სამშობლოს ისტორიული, კონტინენტური ოცნება აღასრულა“ - ეს უკვე იტალიური Corriere Della Sera-ა. „წლის მოულოდნელობა“ - ასკვნის Gazzetta Dello Sport-ი.
ყველა ამ დითირამბის ადრესატი 23 წლის თეოდორა კახიანია, ქართველი მოფარიკავე, რომელიც ხმლის უზადო მოძრაობითა და მტკიცე ხასიათით, პირველად საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ფარიკაობის ელიტაში ელვისებურად შეიჭრა.
2017 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, კახიანი მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 202-ე იყო. იანვარში, ნიუ იორკში, მსოფლიო თასზე ქართველმა 62-ე შედეგი აჩვენა, ივნისის დასაწყისში, მოსკოვის დიდ პრიზზე კი 65-ე ადგილზე გავიდა.
ასეთი შედეგების ფონზე, მაინც არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც თეოდორას შესაძლებლობების ბოლომდე სჯეროდათ. პირველი, კახიანის პირადი მწვრთნელი პოლონელი ვეს გლონი იყო, იგი შეგირდს ოკეანისგაღმიდან გულშემატკივრობდა. მეორე კი საქართველოს ფარიკაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე.
საქართველოსთვის პირველ ისტორიულ ოქრომდე, თეოდორამ ურთულესი გზა გაიარა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ქართველმა მოფარიკავემ ხუთიდან ოთხი ბრძოლა მოიგო. პირველი და მეორე ეტაპიც უპრობლემოდ გაიარა.
მეოთხედფინალში საოცარი შეხვედრა შემოუტრიალა იტალიელ ლორეტა გულოტას. კახიანი აგებდა 4-8-ს და საბოლოოდ 15-13 იმარჯვა. ნახევარფინალში ამომავალი ვარსკვლავი 16 წლის უნგრელი ლიზა პუშტაი დაამარცხა 15-12.
ფინალში, რომელიც თბილისის ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართა, ქართველმა მოფარიკავემ გულშემატკივრის საოცარი მხარდაჭერის ფონზე, გამოცდილ იტალიელს, ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორს როსელა გრიგორიოს შანსი არ დაუტოვა 15-8 და პირველ ევროპულ ოქროს დაეუფლა.
თეოდორა კახიანი აღიარებს, დიდი ხნის მანძილზე არ სჯეროდა რომ ჩემპიონი გახდა:
იმდენად დაბნეული ვიყავი, სანამ ჰიმნი არ მოვისმინე და რამოდენიმე დღე არ გავიდა, არც მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა. მერეც, ძალიან ბევრჯერ ვნახე ფინალური შეხვედრის ჩანაწერი, იმაში დასარწმუნებლად რომ მართლა მე მოვიგე შეჯიბრი“თეოდორა კახიანი, ევროპის ჩემპიონი ფარიკაობაში
„იმდენად დაბნეული ვიყავი, სანამ ჰიმნი არ მოვისმინე და რამოდენიმე დღე არ გავიდა, არც მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა. მერეც, ძალიან ბევრჯერ ვნახე ფინალური შეხვედრის ჩანაწერი, იმაში დასარწმუნებლად რომ მართლა მე მოვიგე შეჯიბრი.“
თეოდორა კახიანი პირველად ფარიკაობას 2005 წელს, 12 წლის ასაკში, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გაგრელმა თამაზ კაკულიამ აზიარა. მომდევნო წლებში მის დაოსტატებაში დიდი წვლილი გიორგი პაიჭაძემ და ლუდვიგ ღაღანიძემაც შეიტანეს.
ქართველი მოფარიკავე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მოუმატა 2013 წელს, პენსილვანიის უნივერსიტეტში გადასვლის შემდეგ, სადაც მას გამოცდილი პოლონელი მწვრთნელი ვეს გლონი ავარჯიშებდა და ამერიკის უნივერსიადაზე კარგი შედეგებიც აჩვენა (მეორე ადგილი NCAA-ზე).
ევროპის ჩემპიონატზე სენსაციურ გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველმა პენსილვანიის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა, მანამდე უფრო მეტ დროს სწავლას უთმობდა.
თეოდორა ამბობს, რომ უახლესი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 20 ივლისს გერმანულ ლაიფციგში აიღებს სტარტს. სანუკვარი ოცნება კი ოლიმპიური თამაშებია. 2014 წელს, კახიანს სულ მცირე დააკლდა რიოს საგზურის მოსაპოვებლად და ახლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ტოკიოს 2019 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრა.
იმდენად ბევრს ნიშნავს ფარიკაობა ჩემთვის, რომ ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი ფარიკაობის გარეშე. მთავარი მიზანი ახლა ოლიმპიადაა, ტოკიოში მოსახვედრად, პირველ რიგში კვალიფიკაცია უნდა გავიარო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი კიდევ გავახარო“
„იმდენად ბევრს ნიშნავს ფარიკაობა ჩემთვის, რომ ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი ფარიკაობის გარეშე. მთავარი მიზანი ახლა ოლიმპიადაა, ტოკიოში მოსახვედრად, პირველ რიგში კვალიფიკაცია უნდა გავიარო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი კიდევ გავახარო.“
თეოდორა კახიანის გარდა, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, თავი გამოიჩინა 23 წლის ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემაც. იგი მხოლოდ ევროპის მომავალ ჩემპიონ გერმანელ მაქს ჰარტუნგთან დამარცხდა და პირველად კარიერაში, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სპეციალისტთა შეფასებით, ქართული ფარიკაობა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მძიმე კრიზისში იყო, ბოლო წლებში აღმავლობას განიცდის.
კახიანისა და ბაზაძის წარმატებას, აპრილის ბოლოს, წინ უძღოდა, საქართველოს 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრების (მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია) მიერ ევროპის ჩემპიონატის მოგება. 2013-14 წლებში, სანდრო ბაზაძემ ევროპის იუნიორთა და 23 წლამდელთა ჩემპიონატიც მოიგო.
საქართველოში ფარიკაობის პირველი სასწავლო ჯგუფი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიაში, ავსტრიელმა პედაგოგმა რუდოლფ ვაისმა ჩამოაყალიბა. ქართული ფარიკაობის განვითარებაში ასევე ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს, ამ საქმის პიონერებმა: პეტრე სალტიკოვმა, ანატოლი ფიოდოროვმა, ლევ გოლოვნიამ და სიმონ საყვარელიძემ.
საბჭოთა პერიოდში, ქართული საფარიკაო სკოლის აღსაზრდელებიდან ყველაზე დიდ წარმატებას: გურამ კოსტავამ, ნუგზარ ასათიანმა, იური ოსიპოვმა და ვლადიმერ აფციაურმა მიაღწიეს.
ქართული ფარიკაობის დიდების დარბაზი
ოლიმპიური ჩემპიონები
ნუგზარ ასათიანი – 1964 (ხმალი, გუნდური)
ვლადიმერ აფციაური - 1988 (რაპირა, გუნდური)
ოლიმპიური ბრინჯაო
გურამ კოსტავა - 1960 (დაშნა, გუნდური) და 1964 (დაშნა)
მსოფლიოს ჩემპიონები
გურამ კოსტავა - 1961 (დაშნა, გუნდური) და 1967 (დაშნა, გუნდური)
იური ოსიპოვი - 1962 (რაპირა, გუნდური)
ნუგზარ ასათიანი – 1965 (ხმალი, გუნდური)
ვლადიმერ აფციაური – 1982 (რაპირა, გუნდური)
ევროპის ჩემპიონი
თეოდორა კახიანი - 2017 (ხმალი)
ევროპის ბრინჯაო
სანდრო ბაზაძე - 2017 (ხმალი)