22 წლის სანდრო მამუკელაშვილი მეექვსე ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში ითამაშა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდროს დებიუტი გამთენიისას შედგა, როცა NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა მილუოქი ბაქსმა, ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში, საკუთარ Fiserv Forum-ზე, ბრუკლინ ნეტსს 127:104 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მძიმე ფორვარდს მოკრძალებული დებიუტი ჰქონდა, მან მოედანზე 7 წუთი გაატარა, ქულა ვერ აიღო, აქტივში თითო შედეგიანი პასი (ჯორდან ნვორას სამქულიანი ჩააგდებინა) და მოხსნა ჩაიწერა. თუმცა, მთავარი ამ შემთხვევაში, არა სტატისტიკა, არამედ ფაქტია, რომ ბაქსში სანდროს სეზონის პირველივე შეხვედრაში ენდნენ.
საერთო მოლოდინი იყო, რომ ივლისში, NBA-ს დრაფტზე 54 ნომრად აყვანილი ქართველი, ამ სეზონს, ძირითადად, განვითარების D ლიგაში გაატარებდა და ბაქსის მთავარ გუნდში მოხვედრა გაუჭირდებოდა. მამუკელაშვილმა წარმატებული პრესეზონის მატჩებით დაამტკიცა, რომ საკუთარ წუთებს მილუოქიში წელსვე იმსახურებს.
Your browser doesn’t support HTML5
ნეტსთან მატჩის წინ, მილუოქი ბაქსის კალათბურთელებს წინა სეზონში ბრწყინვალე გამარჯვებისთვის ლარი ობრაიენის თასი და NBA-ს ჩემპიონის ბეჭდები გადაეცათ. რაც შეეხება ახალი სეზონის გახსნის მატჩს, მასპინძელთა შორის საუკეთესო, მილუოქის ბერძენი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო იყო, მან 32 ქულა ჩააგდო და 14 მოხსნა დააგროვა, ბრუკლინს კი კევინ დურანტმა ულიდერა 21 ქულით.
მამუკელაშვილი ნიუ იორკში დაიბადა, კალათბურთის თამაში კი საქართველოში, თბილისის „ვეტრაში" დათო მინდორაძესთან დაიწყო. შემდეგ ითამაშა აკადემიასა და საქართველოს U14-ში.
15 წლის ასაკში მამუ იტალიაში, ბიელას ცნობილ აკადემიაში მოხვდა და იქ რამდენიმე ასაკობრივ გუნდში გამოიწვრთნა, ახალგაზრდულ ევროლიგაში კი რომის Stella Azzurra-ს ღირსებას იცავდა.
2016 წლიდან მამუკელაშვილი ამერიკაშია, ჯერ ფლორიდაში, მონტვერდეს აკადემიაში, შემდეგ კი NCAA-ს სეტონ ჰოლში, სადაც 2021 წელს Big East-ის კონფერენციის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თან ჰაგერტის პრიზიც მოიგო.
2018 წელს, სანდრომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში სერბეთის წინააღმდეგ შედგა. 2021 წლის დრაფტის მიწურულს, ქართველი NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა აირჩია.
2021-22 წლების სეზონში, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი ქართველი კალათბურთელი ასპარეზობს: ბაქსელი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, რომელიც ინდიანას ღირსებას იცავს და მისთვის სეზონი 21 ოქტომბერს იწყება.
ქართველი კალათბურთელები, რომლებმაც NBA-ში ითამაშეს
ვლადიმერ სტეფანია (1998-2004 სიეტლი, ნიუ ჯერსი, მაიამი, პორტლენდი);
ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2002-2006 დენვერი, გოლდენ სტეიტი, მინესოტა, ფინიქსი),
ზაზა ფაჩულია (2003-2019 ორლანდო, მილუოქი, ატლანტა, დალასი, გოლდენ სტეიტი, დეტროიტი); 2-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი!
თორნიკე შენგელია (2012-2014 ბრუკლინი, ჩიკაგო);
გოგა ბითაძე (2019- ინდიანა)
სანდრო მამუკელაშვილი (2021 - მილუოქი)