საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ იმ დროს, როცა ევროკავშირი საქართველოს წლების განმავლობაში ეხმარება, "ეკონომიკის განვითარებისთვის" რუსეთისთვის მადლობის გადახდა ამორალურია.
"ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის?! მე ვფიქრობ, არის არა მხოლოდ ამორალური, არამედ ასევე ცალსახად არასწორი. ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს, ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის შუამავლობით და შეთანხმებით, რამაც შეაჩერა რუსები მეტად წაწეულიყვნენ წინ. თუმცა ევროპული რეაქცია არ იყო საკმარისი, რადგან რუსეთმა შესაბამისი ფასი არ გადაიხადა. თუმცა ევროპის გარეშე თბილისიც კი ოკუპირებული იქნებოდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი.
ამის გარდა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი უკვე შესრულდა, "მაგრამ მეტი შეიძლებოდა". საქართველოს პრეზიდენტმა 13 წლის შემდეგ პირველად მიმართა ევროპარლამენტს.
ასევე ნახეთ: არასამთავრობოები: პრემიერის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან"ჩვენ არ ვართ იდეალურები, აქედან შორს ვართ. უკანასკნელი 2 წელია, მთავრობის მიმართ ჩემი გზავნილია, რომ საკუთარ ხალხს მოუსმინოს და ერთგული დარჩეს საარჩევნო დაპირებებისა უფრო მეტი ევროპისთვის. 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი. ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ გვაპატიებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების სია განუსაზღვრა.
ზურაბიშვილმა, ასევე გაიხსენა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული [2021 წლის 19 აპრილის] შეთანხმება და თქვა, რომ მისი შესრულების შემთხვევაში, საქართველოს უკვე ექნებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"სამართლიანი იქნება ითქვას, შარლ მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, მანამდე კი ჩამოთვალა, თუ რა გააკეთა მან, როგორც პრეზიდენტმა, ქვეყანაში პოლარიზაციის დასაძლევად.
"როგორც პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, მე ყველა ნაბიჯს ვდგამდი ამ მიზნის [ევროინტეგრაციის] გასაგრძელებლად. მქონდა მცდელობები მიმეღწია დეპოლარიზაციისთვის. ამისათვის სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად წამოვიწყე ეროვნული თანხმობის ინიციატივა, დავიწყე ქალების როლის გაძლიერება, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია. ეს უდავოდ რთული პროცესია და ვერ ვიამაყებდი რაიმე წარმატებით. ჩემი რწმენაა მაინც, რომ ჩვენ ერთად მუშაობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს", - თქვა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა დიპლომატიას ომი არჩია; ამერიკა საქართველოსთვის მიცემული პირობის ერთგულიასიტყვით გამოსვლისას, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა იმაზეც, როგორი ტოლერანტული და სტუმართმოყვარეა საქართველო:
"საქართველო წელიწადნახევარია იღებს და მასპინძლობს რუსეთის 80 ათასზე მეტ მოქალაქეს. ამით აგრძელებს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას. რას ნიშნავს, როცა იღებ იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და სასტიკი აგრესია წამოიწყო შენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ? ეს მოხდა რაიმე სერიოზული ინციდენტების გარეშე. ჩვენ ამაყები უნდა ვიყოთ ამით, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს მკაცრი და აშკარა სახელმწიფო რეგულაცია, რომ ამ სახის ტოლერანტობამ არ მისცეს ბიძგი ესკალაციას".
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის საკითხზეც და თქვა, რომ ახლო მომავალში უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლები გვერდიგვერდ დაიკავებენ ადგილებს ევროპარლამენტის დარბაზში:
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს, არამედ იგი სისხლს ღვრის ყველა ჩვენგანისთვის, ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, ასევე საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩემი პერსონალური პატივისცემა, აღფრთოვანება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლები გვერდიგვერდ დაიკავებენ ადგილს ამ დარბაზში, ახლო მომავალში".
ასევე ნახეთ: სტატუსით თამაშიევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ჟურნალისტებთან საუბრისას განიხილა. მან თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ოპტიმისტურად არის განწყობილი. ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
„მე, როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა ის, რომ ჩემი შეხვედრები აქ [ბრიუსელში] გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსი არის ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც გვეკუთვნის ნამდვილად, - თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, - მე ასევე მივიღე, პირობას ვერ ვიტყვი, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას [საქართველოში]. ასევე [ევროპის] პარლამენტის თავმჯდომარეც [რობერტა მეცოლა] აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან, ამ მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის არ უთქვამთ უარი და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ამის გამო შეგვიძლია, მოვიქცეთ „ცუდად“. ეს არის ყველას გასაკეთებელი".
ასევე ნახეთ: არასამთავრობოები: პრემიერის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთანსალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა საკუთარ სიტყვაზეც. „იმასაც დავამატებდი, ვისაც ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ", - აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას. დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ამჯერად დაბალანსებულად ილაპარაკა, რაც განსხვავდება საქართველოში მისი სიტყვით გამოსვლებისგან.
„ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზეც რომ გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2023 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში მისი გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა. ამიტომ აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი... არ აქვს მნიშვნელობა, სად გამოვა. პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ პრეზიდენტის სიტყვაში „პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო", თუმცა მას სთხოვს, რომ საქართველოშიც დაბალანსებულად ილაპარაკოს.
„დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო", - დაამატა მდინარაძემ.