ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში მყოფმა საქართველომ ყვითელი ბარათი იმ გაერთიანებისგან მიიღო, რომლის წევრობისთვისაც იბრძვის. ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კოლეგებთან ერთად, 29 მაისს საქართველოს ვიცე პრემიერს შეხვდა და დემარშის თაობაზე აცნობა. „პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის გადაწყვეტილებას, არ განახორციელონ პირდაპირი ფრენები რუსეთთან და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავები ევროკავშირის ქვეყნებში. გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ჩვენს მიდგომას რუსეთის იზოლაციაში მოქცევის თაობაზე. ამ გზით გვსურდა მოგვეხდინა ზეწოლა რუსეთზე იმ სასტიკი და აგრესიული ომის გამო, რომელსაც დღესაც განაგრძობს უკრაინაში. მართალია, ფრენების აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო, მაგრამ ამავდროულად, ეს საჭიროებდა თანხმობას საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გამო, რომელიც დაეთანხმა რუსეთთან ფრენების აღდგენას,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოს ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ვისაც ევროკავშირის ელჩი, სხვა წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად შეხვდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების კონტექსტისგან“. მან ამის არგუმენტად ის ფაქტორი ახსენა, რომ საქართველოს 600 კილომეტრ პერიმეტრზე აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან. „ჩვენ, დამატებით, სამი დაკავშირების პუნქტი გვექნება რუსეთთან. ესაა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებთან“. ვიცე-პრემიერმა დაამატა, რომ ისევე როგორც ლარსის საბაჟოზე, ზედმიწევნით კანონმდებლობის თანახმად კონტროლდება ადამიანებისა და ტვირთების მოძრაობა, იგივე იქნება აეროპორტებშიც.
საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო. 2019 წლის შემდეგ კი პირველი ფრენა 19 მაისს შესრულდა. მოქალაქეები რუსული თვითმფრინავის თბილისში დაჯდომას პროტესტით აეროპორტშივე შეხვდნენ. იმავე საღამოს თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მესიჯი ასე ჟღერდა: „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ყოფილი ელჩი, ამჟამად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის მთავარი მკვლევარი გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების დემარში არის ყველაზე ხმამაღალი დიპლომატიური განაცხადი, რაც იმას აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზები გადაკვეთა. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, ისეთ მდგომარეობას „მიაღწია“ საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ის უკვე ვეღარ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობაზე წევრის სტატუსს. „ცივი გონებით, ჩვენი თავი რომ დავაყენოთ ევროპელი პარტნიორების ადგილას, რამ უნდა განაპირობოს, მოგვანიჭონ წევრის სტატუსი?“ - სვამს კითხვას გიგი გიგიაძე და თავადვე პასუხობს - „საქართველოს ხელისუფლება, გასული წლის დასაწყისიდან დგამს ნაბიჯებს, რომ საქართველომ არ მიიღოს სტატუსი. გასულ წელს, მაისში, ხელისუფლებამ დააპატიმრა მთავარი კრიტიკული მედიასაშუალების აღმასრულებელი დირექტორი. ეს იყო კანდიდატობის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე დღით ადრე. შემდეგ, 2023 წლის მარტში, რუსული კანონის მიღება სურდათ, რაშიც ხელი ხალხმა შეუშალა, თვითონ კი არ გაუწვევიათ უკან. შემდეგ აღდგა რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რასაც მოჰყვა ევროკავშირის ელჩების დემარში. 30 მაისს კი პრემიერმა, საერთაშორისო ტრიბუნიდან, ბრატისლავაში გამართულ გლობალურ უსაფრთხოების ფორუმიდან, ფაქტობრივად, დაადანაშაულა უკრაინა რუსეთთან ომის პროვოცირებაში. უბრალოდ, წარმოვიდგინოთ თავი ჩვენი ევროპელი პარტნიორების ადგილას, როგორ უნდა მოგვანიჭონ სტატუსი?“- კითხულობს გიგი გიგიაძე.
„საერთოდ, რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან?“- იკითხა თბილისის მერმა კახა კალაძემ 30 მაისს ჟურნალისტებთან. „მანამდე, სახმელეთო გზით, შესაძლებელი იყო მიმოსვლა. შეიძლებოდა ერევნის გავლით, რუსეთთიდან ჩამოსვლა. რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება რუსეთიდან. რატომ ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი ევროინტეგრაციას?“- აინტერესებს კალაძეს. კითხვაზე იმის თაობაზე, თუ აქვს საქართველოს პერსპექტივა ასეთი გადაწყვეტილებებით, მიიღოს კანდიდატის წევრის სტატუსი, ის პასუხობს - „თუ ვიქნებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“.
გასათვალისწინებელია კონტექსტი და პოლიტიკური ვითარება, რა დროს ხდება პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთთან - გვეუბნება რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი. დღევანდელი ვითარება მკვეთრად განსხვავდება 2019 წლის მდგომარეობისგან. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. ქვეყნები ირჩევენ მხარეს და საქართველო, იმ დროს, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, არ უნდა იდგეს თავჩაღუნული, კუთხეში,- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.
„დემარში პროტესტის გამოხატვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან სერიოზულად აწუხებს ევროკავშირს. თუ ეს გართულება არ მოიხსნა, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის წევრის სტატუსს წლის ბოლოს. იმდენი უარყოფითი რეკორდი გროვდება ჩვენი მთავრობის მოქმედებებით, რომ ამ წელს, არამგონია, წევრობის სტატუსი მივიღოთ. მომავალ წელს რა იქნება, არ ვიცი“,- ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ევროკავშირისგან დისტანცირება ნამდვილად ხდება. ეს, შესაძლოა, იყოს იმის შედეგი, რომ მოსკოვიდან თითს უქნევენ და ეუბნებიან - „არ დავინახოთ ევროკავშირი”. როგორც ჩანს, ძალიან ზუსტად შეარჩია ივანიშვილმა ადამიანი - პრემიერი არის პირი, რომელიც მზადაა შეასრულოს ყველაფერი, რასაც უბრძანებენ. ესაა ადამიანი ამბიციების გარეშე. თავმოყვარე პრემიერი და ქვეყნის ლიდერშიპი ისეთ განცხადებას არ გააკეთებდა, რაც, თუნდაც 30 მაისს მოვისმინეთ ბრატისლავადან,“- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი. ის გულისხმობს პრემიერის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ ნატოს გაფართოებამ უკრაინაში ომის პროვოცირება მოახდინა.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში პირდაპირ ნათქვამია, რომ საქართველო მიისწრაფის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.ამისთვის კი „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ხშირად აღინიშნება, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკვეთასა და ხელისუფლების ქმედებებს შორის დისონანსია. ამ მოსაზრებას ამყარებს მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევა, რომელიც ამბობს, რომ გამოკითხული მოსახლეობის 89 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერი კი გამოკითხულთა 80 პროცენტია.