პრემიერი კობახიძე: „არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნები, „უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა“. მიზანი კი, მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური ნაცმოძრაობის გამარჯვება იყო.“

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია "მხარეა" და კომისიის მიერ გაკეთებულ არც ერთ განცხადებას „ფასი არ აქვს“.

ასევე ნახეთ: ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ მტკიცებულებების მიხედვით, არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოაჩენს

“რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციას, თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება. ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა, ამ ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ის აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, უკრაინაში ომის დასრულებისთანავე „გადაიტვირთება“ და სწორედ ამის შემდეგ, „ურთიერთობებში სამართლიანობა სრულად აღდგება“.

"ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, მანამდე ასეთი პრობლემები, გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ეს გაუგებრობები. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე ეს გაუგებრობები გაქრება და შესაბამისად, აღდგება სამართლიანობა და აღდგება ჯანსაღი ურთიერთობები", - ამბობს პრემიერი და ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს:

"სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ შეუერთდეს სანქციებს და დააწესოს რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთოდ სხვა ვითარება, რაც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა. პირველივე წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ღიად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის შესახებ საუბრისას კი თქვა, რომ კომისისა „პირდაპირ იყო ჩართული, ოპოზიციის სასარგებლოდ, საარჩევნო კამპანიაში“ და ამიტომაც, მის განცხადებას, „მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს“.

„ჰელსინკის კომისია არის მხარე. ის პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა. რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი. მინდა შეგახსენოთ ჰელსინკის კომისიის განცხადება - ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის შესახებ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტირებელი ინფორმაცია, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი არ გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო. თუმცა თავისთავად ის მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი“ - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა

ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიამ, 26 ოქტომბერს გამართულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაავრცელა. კომისია მიიჩნევს, რომ ქართულმ სამოქალაქო საზოგადოებასმ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა, „ნათელი მტკიცებულებები წარმოადგინეს იმის, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხახლის ნებას არ გამოხატავს.“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 53,93 % მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები, არჩევნების ამ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ. ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებს ბრალს.