კობახიძე გამორიცხავს კომპრომისს და კანონპროექტზე უარის თქმას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომპრომისი დაუშვებელია, რადგან ეს კანონი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის არის მნიშვნელოვანი. განცხადება ირაკლი კობახიძემ 1 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კანონპროექტის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად, მან თქვა, რომ ამ კანონის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემასაც მოაგვარებს.

ასევე ნახეთ: ჰერბსტი "აგენტების კანონზე": ეს შეიძლება იყოს, არასწორი მიმართულებით გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი

“თქვენ გახსოვთ, რომ პოლარიზაცია ძალიან მცირე ფორმით 2004-2012 წლებშიც იყო გამოხატული, მანამდეც იყო პოლარიზაცია. მაშინ პოლარიზაციის მიზეზი რა იყო? - ის იყო, რომ წინა ხელისუფლება - “ნაცმოძრობა” პირდაპირ პატიმრებს აწამებდა, [იყო] ტოტალური ბიზნესის რეკეტი. აი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში განაპირობებდა პოლარიაზაციას. მედიის მიტაცება, პირდაპირ “ტვ იმედში” შეიჭრნენ, მანამდე “რუსთავი 2” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მიიტაცეს, არჩევნებს აყალბდნენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ქმნიდა პოლარიზებულ გარემოს", - ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ "დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა" ოპოზიციაში დარჩა", რამაც განაპირობა ძლიერი პოლარიზაცია.

"განსაკუთრებით გამწვავდა ეს პოლარიზაცია, ანუ რადიკალიზაცია სინამშვილეში 2020, 2021, 2022, 2023 წლებში. თქვენ ხედავთ, რომ ყოველ წელს საზოგადოება არის უკვე დაღლილი, იმ ყველაფრით, რაც ხდება. ყოველ წელს რევოლუციის მოწყობას ცდილობენ, და გამოდიან ყოველ წელს ლაპარაკობენ, რომ “ეს ქვეყანა არაფერს არ იმსახურებს, მათ შორის, არც ევროინტეგრაციას და ა.შ. საზოგადოება ამ ყველაფრით დაიღალა! ეს კონკრეტული კანონი არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი (რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთი კანონი ვერ მოაგვარებს) იმისათვის, რომ ჩვენ პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ეს ხომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ეს ხომ თქვენც გინდათ, როგორც საქართველოს მოქალაქეს. ხომ არ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოველ წელს უნდა სცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად, რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ კანონზე უარის თქმა, უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება”, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის მიერ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, კობახიძემ განაცხადა, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც ხელისუფლებას ვერავინ "დააშანტაჟებს". პრემიერს ეკითხებოდნენ, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი დასავლეთისგან სანქციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

ასევე ნახეთ: პარლამენტმა უცხოური გავლენის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება სანქციებით ვერც 2020, 2021, 2022 წლებში ვერ "დააშანტაჟეს".

„შანტაჟი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ გვახსოვს 2020, 2021, 2022 წლები. სანქციებით ხომ ვერავინ დააშანტაჟეს? აქედან გამომდინარე, შანტაჟს ახლაც არავითარი ფასი არ ექნება. ვერც ქართულ საზოგადოებაზე და ვერც ხელისუფლებაზე ვერავინ იშანტაჟებს“, - თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს "კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრები" უწოდა და ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც მათ გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა.

"ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ასევე სრულად იზიარებენ აქციების ორგანიზატორი და წარმმართველი რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი წარმომადგენლები...

პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია "ნაცმოძრაობის", „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს", - ამბობს ირაკლი კობახიძე და მოუწოდებს მოქალაქეებს, გაემიჯნონ ამ "დაჯგუფებების ძალადობრივ ქმედებებს", რომლებიც "მთლიანად ვიწროპარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოტივებით არის ნაკარნახევი".

ასევე ნახეთ: ჰოჯესი: არ მესმის, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა თავი მიიჯაჭვოს რუსეთის იმპერიის გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა

კობახიძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე და აღნიშნა, რომ ეს დასჯადი უნდა იყოს, მხოლოდ მაშინ - თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულებები.

“როცა შენ არჩევნების მიღმა ითხოვ მთავრობის გადადგომას და შენი [მონაწილეობით] მთავრობის ჩამოყალიბებას, ანუ არჩევნებში მანდატი არ მიგიღია, ხარ რაღაცა “ენჯეო” და გინდა, რომ შენ მთავრობა დააკომპლექტო, ეს არის რევოლუცია! მაგრამ ეს არ არის ის ფორმა რევოლუციის, რომელიც შეიძლება იყოს დასჯადი. რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჯადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულებები. როდესაც გამოდიხარ და რეალურად რევოლუციისკენ მიგყავს ქვეყანა, მაგრამ ამას არ ახლავს პარალელური დანაშაულებები, ეს შეიძლება არ დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. არსებობს დანაშაულებრივი რევოლუციის მცდელობა, ასევე, შეიძლება არსებობდეს ისეთი რევოლუციის მცდელობა, რომელიც არ კვალიფიცირდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. რევოლუციის მცდელობა 2020, 2021, 2022, 2023 წლებში იყო. რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ეს არის სამართალდამცავი უწყებების ფუნქცია", - ამბობს კობახიძე.

საქართველოს პრემიერმა არც ის გამორიცხა, რომ "რევოლუციის ასეთი გამუდმებული მცდელობები" შეიძლება გახდეს "თეორიულად პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინსტრუმენტი".

"თქვენ იცით, რომ ამ ინსტრუმენტს აქტიურად იყენებენ, მაგალითად: დღეს უკრაინაში და მოლდოვაში. მაგალითად: თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ ასვენებს ქვეყანას, ამ შემთხვევაში თეორიულად შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველიც. თუმცა ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლოს გადასაწყვეტი”, - აღნიშნა კობახიძემ.

29 აპრილს, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას. კანონის ახალი სახელია „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“. ის საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად უცხოეთიდან ფინანსდება. კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

მასალაში გამოყენებულია საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსისა" და "რადიო თავისუფლების" პუბლიკაციები.