ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპუაშვილი: "პოლიტიკოსების მხრიდან აქცია ძალადობაში გადაიზარდა"


ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. სხდომა ოპოზიციის დეპუტატების პროტესტის ფონზე წარიმართა, თუმცა პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს, კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ ან კონკრეტული შეკითხვა დასვან. რამდენიმე დეპუტატს დარბაზიც დაატოვებინეს.

წუხელ, კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის ირგვლივ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ე.წ „აგენტების კანონს“ აპროტესტებდნენ, პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. ამასთან, კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცემია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

პარლამენტის სპიკერის თქმით, "პოლიტიკოსების მიერ აქცია იქნა გადაზრდილი ძალადობაში... გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ყველა ვხედავდით ამას პირდაპირ ეთერში. თუ გსურთ პროტესტის გამოხატვა, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმები. როდესაც გასცდება მშვიდობიან ფორმებს, ვალდებულია შსს, ჩაერიოს“.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტში ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ მოქმედებს. პარლამენტის ინფორმაციით, შენობაში დაიშვებია ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების არაუმეტეს ორი აკრედიტებული ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. მუშაობა კვლავ შეზღუდული აქვს ონლაინმედიას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით "აგენტების კანონის" წინააღმდეგ 30 აპრილს გამართული აქციის დაშლის შემდეგ სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო.

XS
SM
MD
LG