ოთხშაბათს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების დაშლა და დაკავება უკანონო იყო. მათი შეფასებით, 30 აპრილი-1 მაისის ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და ეს იყო "არალეგიტიმური და არაპროპორციული, რაც უტოლდებოდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ადმინისტრაციული მუხლით დაკავების პრაქტიკა კი კვლავ თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა".
„აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით: არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა, - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, გასაგებია, რომ საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
"საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებისას, პოლიციის კორდონში მოქცევამდე, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას“, - ამბობს ქურდოვანიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ პარლამენტის წევრის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზეც.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი მხარდაჭერის ქსელი ცხელ ხაზზე იღებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. ამ დროისთვის მათ უკვე აქვთ ინფორმაცია 50-ზე მეტი დაკავებული პირის თაობაზე. NGO-ების ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი გადაყვანილია სხვადასხვა ქალაქის იზოლატორებში: გორში, ხაშურში, დუშეთსა და მცხეთაში. მათი წარმომადგენლები ღამის განმავლობაში დადიოდნენ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა ადგილსამყოფლის და მდგომარეობის მოკვლევას.
„მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, რომ მოახდინოს დროული რეაგირება მომხდარ დანაშაულებზე, გააკეთოს ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება და პერიოდულად საზოგადოებას აცნობოს გამოძიების მიმდინარეობის შედეგები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუსაბამო და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს მოვუწოდებთ არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
შინანაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ე.წ. „აგენტების კანონი" (კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 1 მაისს სადავო კანონპროექტის განხილვა სხდომათა დარბაზში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განახლდა.
30 აპრილის ღამეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა სამართალდამცავებმა და სპეციალური დანიშნულების ძალებმა სხვადასხვა საშუალებით სცადეს. გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.