ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰერბსტი "აგენტების კანონზე": ეს შეიძლება იყოს, არასწორი მიმართულებით გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი


სანამ საქართველოში ე.წ "აგენტების კანონს" განიხილავენ, ვაშინგტონში შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ქვეყნის მთავრობას ურჩევენ გაიწვიოს კანონი.

ჯონ ჰერბსტი, "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი და ყოფილი დიპლომატი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თვლის, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის სასარგებლო არ იქნება. "ამერიკის ხმა" მას სწორედ ამ კანონპროექტზე ესაუბრა.

"გამჭვირვალბა" ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ხშირად გვესმის საქართველოს მთავრობისგან, როდესაც ისინი ამ კანონზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საშიში ამაში არაფერია. თუმცა, არსებობს კადრები, სადაც პუტინი იგივე არგუმენტს იყენებს ამ კანონის რუსი ხალხისთვის წარსადგენად. ხედავთ თუ არა მსგავსებას ამ ორ კანონს შორის ?

კანონები ნამდვილად მსგავსია. სიმართლეა ისიც, რომ ამ [საქართველოს] მთავრობისგან ავტორიტარულ ტენდენციებს ვხედავთ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ კანონს ცუდი მიზნები აქვს. როდესაც ვამბობს "ჩვენს", მხოლოდ საქართველოს ამერიკელ მეგობრებს არ ვგულისხმობ.

როგორც იცით, ბევრი სენატორი და კონგრესმენი, კონგრესის წარმომადგენლები, მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს. თუმცა, 10-ზე მეტმა მათგანმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც იმას ხსნიან, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება და ეს სრულიად გასაგებია.

ჩემი მორიგი შეკითხვა ზუსტად ამ წერილს ეხება. ეს საკმაოდ კრიტიკული წერილი იყო, სადაც სხვა მოწოდებებთან ერთად, საუაბრი იყო იმაზე, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოსადმი შეიძლება შეიცვალოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს, უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს უახლოეს მომავალში და რა ტიპის პოლიტიკის ცვლილებაზე შეიძლება იყოს საუბარი?

მინდა გავიმეორო, რომ ამერიკის მხრადაჭერა საქართველოსადმი მტკიცე იყო. მაგრამ ეს დაფუძნებული იყო იმაზე, რომ 20 წლის წინ, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ღია საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ახლანდელი მთავრობისგან კი ვხედავთ გარკვეულ ავტორიტარულ ნაბიჯებს თბილისში. უნდა ვთქვა, რომ ეს მართალია სააკაშვილის ბოლო წლებზე საუბრისასაც. [ეს ნაბიჯები] არასწორი მიმართულებითაა გადადგმული.

ეს კანონი კი შეიძლება იყოს, არასწორი მიმართულებით გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამერიკის დამოკიდებულება საქართველოსადმი შეიცვლება, თუ ამ კანონს მიიღებენ. რას ნიშნავს ზუსტად ეს? არ მინდა რომ დეტალებში შევიდე, რადგან ეს მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეს ნამდვილად გამოიხატება ნაკლებად ახლო ურთიერთობასა და თანმშრომლობის ნაკლებ სურვილში.

განცხადება გააკეთა ევროკავშირმაც და თქვეს, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ქართველები შესაძლოა დაემშვიდობონ ვიზა ლიბერალიზაციას და ასევე შეწყდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი განხილვაც. რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ, ხომ არ ფიქრობთ რომ ეს მკაცრი განცხადებაა? ამას გეკითხებით, რადგან გასაგებია, რომ დასავლურ ძალებს სურთ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ეს ცვლილებები, პირველ რიგში, ქართველ ხალხზე აისახება.

სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ არ ვარ დარწმუნებული ამას რა მოყვება. თუმცა, ევროკავშირის შემთხვევაში ეს შემიძლია გითხრათ- ევროკავშირს არ სურს, რომ ავტორიტარული რეჟიმები გააერთიანოს, ხომ ასეა? ამ კანონის მიღება არის თუ არა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ ზომები მიიღოს, ეს მათი [ევროკავშირის] სათქმელია და არა ჩემი.

მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არსებობს მზარდი შეშფოთება "ქართული ოცნების" მთავრობისადმი და მათ ეს წლებია ესმით. ასე რომ არ მგონია, ისინი ბრმად მოქმედებდნენ და არ ესმოდეთ რას აკეთებენ. ასევე შესაძლებელია, რომ მათ ავტოკრატია ერჩივნოთ დასავლეთთან კარგ ურთიერთობებს. მე არ ვამბობ, რომ ეს ასეა, მაგრამ ასევე დამაჯერებელი აზრია. არ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ინტერესებშია საქართველოს მთავრობა ამ [ავტოკრატიული] მიმართულებთ მიდიოდეს. თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტენ, მაშინ ბუნებრივი იქნება, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის განხილვა შეწყვიტოს, ან რომ ამერიკა საქართველოს დაშორდეს.

თბილისში მასობრივ პროტესტებს ვხედავთ და ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის.

ეს კანონი ახალი არაა საქართველოსთვის. ზუსტად ერთი წლის წინ იმავე საკითხზე ჩავწერეთ თქვენთან ინტერვიუ. როგორ ფიქრობთ, რატომ დააბრუნა საქართველოს მთავრობამ ის უკან, როდესაც იცოდა, რომ ამას მოყვებოდა პროტესტი ქვეყნის შიგნით და ასეთი მკაცრი განცხადებები ქვეყნის პარტნიორებისგან?

ჩემი აზრით, ისინი უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე, რომ მთავრობაში ძალაუფლება შეინარჩუნონ, ვიდრე იმაზე, რომ საქართველოს დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

ზოგიერთი [ანალიტიკოსი] მეუბნება, რომ საქართველოს მთავრობა ახლოს მუშაობს მოსკოვთან. ამასთან დაკავშირებით, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუმცა შეიძლება ეს მართალიც იყოს.

ანუ ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს კანონი მათ ხელისუფლებაში დარჩენაში დაეხმარება?

აბსოლუტურად, ეჭვიც არ მეპარება. ის გადაწყვეტილებები რომლებიც მათ მიიღეს, მათი ძალაუფლებაში დარჩენის მწვავე სურვილითაა გამოწვეული. ეს კარგი მიზეზი არაა, ეს ცუდი მიზეზია და ავტორიტარული ტიპის ქმედებაა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG