ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმის სპიკერი: ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების დამხობა გადაწყვიტეს


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ე.წ. „აგენტების კანონს“, მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

„საქართველოში ვნებები მძვინვარებს“, - დაწერა ტელეგრამ-არხზე ვოლოდინმა.

პოლიტიკოსმა დაასახელა არგუმენტები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებს. როგორც მან თქვა, საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ახლა განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც.

„უბრალოდ, პარიზში, თბილისისგან განსხვავებით, არ არის არც ქუჩის პროტესტი და არც ყვირილი აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

დუმის სპიკერის სიტყვებით, „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის გარშემო ატეხილი "ისტერიკა" მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ „ვაშინგტონისა და ბრიუსელში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ამისთვის ფული უკვე გამოყოფილია, ხოლო კანონის მიღებას შეუძლია, ეს გეგმა ჩაშალოს“.

16 აპრილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ თქვა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან, მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას ასახელებს.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები, კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG