ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორის ამნისტია“: პოლიციამ, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა


„იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია იყო“, - აცხადებს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დევიდ კრივოშეევი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, „საერთაშორისო ამნისტიის“ დირექტორის მოადგილე.

„რისი მოწმენიც გუშინ თბილისში გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და იყენებს სპეცრაზმს, რათა დაარბიონ და შერჩევითად, ძალადობით დააკავონ მომიტინგეები“, - ნათქვამია „საერთაშორისო ამნისტიის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ, კრივოშეევის განცხადებაში და იქვე ნათქვამია, რომ რამდენჯერმე ჩანდა, როგორ დევნიდა და სცემდა პოლიცია გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით - "გარს ეკვროდნენ მათ და უმოწყალოდ სცემდნენ, როცა ისინი მიწაზე იწვნენ“.

ორგანიზაცია, საქართველოს ხელისუფლებას, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებას და "ძალის უკანონო გამოყენებისთვის" პასუხისმგებლობის დაყენებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ სწრაფი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიებისკენ, ძალის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ და პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ძალის უკანონო გამოყენების გამო. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრება ფუნდამენტური უფლებაა და საქართველოს მთავრობამ, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო ამნისტია“ ასევე იმეორებს ხელისუფლების მიმართ თავის მოწოდებას, „უარი თქვას კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც "მიზნად ისახავს შეზღუდოს გაერთიანების თავისუფლების უფლება და აშკარად მიზნად ისახავს, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შელახვას და მათი მოქმედებების შეზღუდვას".

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა, ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტის შენობასთან გრძელდება აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს!“. ამ კანონპროექტის წარმოოდგენას მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

წუხელ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამინისტრო სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. სახალხო დამცველის განცხადებით, მათ ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვთ.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. "აგენტების კანონი" ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია და არაფერი აქვს საერთო რუსეთში მოქმედ კანონმდებლობასთან.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" შეიცვალა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG