აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა შეერთებული შტატების შეშფოთება, "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებული უცხოეთის გავლენის კანონის შესახებ.
„რაც შეეხება კანონპროექტს, ის ჯერ კიდევ რჩება კანონპროექტად. წარსულში, ბოლოს, როცა ეს კანონპროექტი იყო შემოთავაზებული, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ნაბიჯი წინ [მისი დამტკიცებისთვის], მაგრამ საბოლოოდ ის კანონად არ იქცა. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ჯერ არ ვართ იმ მომენტში, როცა შეგვიძლია რაიმე პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა მოხდება. მაგრამ, გავიმეორებ, ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, როგორი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქცია, სპიკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შესაძლო სანქციების თუ სხვა ზომების შესახებ, დეპარტამენტი წინასწარ არ საუბრობს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, შეშფოთებულნი ვართ ამით და წინააღმდეგნი ვართ. რაც შეეხება ნებისმიერ შესაძლო ნაბიჯს - მე ვიტყოდი, რომ ყოველთვის ასეა, ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობთ პოტენციურ სანქციებზე ან სხვა ზომებზე, რომლებიც შეიძლება დაწესდეს", - თქვა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ასევე ჰკითხეს, რა გზავნილი აქვს დემონსტრანტებისთვის, ვინც პარლამენტის წინ, კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს და აქვთ თუ არა დემონსტრანტებს, მისი თანაგრძნობა.
"რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეებს საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველას გამოხატვის უფლებას და სიტყვის თავისუფლებას, ყველგან მსოფლიოში.“