ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილერი: დღეს არ ვისაუბრებ შედეგებზე, რაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევას მოჰყვება


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია, "ქართული ოცნების" მიერ, ე.წ. "აგენტების კანონის" ხელახლა ინიცირების გამო. მეათიუ მილერის განცხადებით, ეს კანონპროექტი, დააზიანებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს.

„ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა, ჩვენ კვლავ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ და გვაშფოთებს, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და ის საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. ჩვენ ასევე გვაშფოთებს, რომ ეს კანონპროექტი, დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს წინაღობას შეუქმნის, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს. მაგრამ, იმის გამო, რომ ეს [ჯერ კიდევ] კანონპროექტად რჩება, დღეს ამ საკითხს აქ დავტოვებ და არ ვისაუბრებ შედეგებზე, რაც დადგება იმ შემთხვევაში, თუ ის კანონად იქნება მიღებული“, - განაცხადა მილერმა 15 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე, მეთიუ მილერმა ასევე ისაუბრა სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებ და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს "კორუმპირებული აქტორების" პასუხისმგებლობას. მანამდე, გასულ კვირაში, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლის დასანქცირებიდან ერთი წლის თავზე, "ამერიკის ხმის" კითხვაზე პასუხად, მეთიუ მილერმა თქვა, - "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად."

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი, პირველი მოსმენით, მასშტაბური აქციის ფონზე მიიღო. საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, "ქართულმა ოცნებამ", არ განიხილოს ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონპროექტი, რადგან დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ის "რუსული კანონია". აქციის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი განალაგა. უწყების განცხადებით, საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა 14 პირი დააკავეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG