სადიზმი ქართულ ციხეებში

სისტემურმა სადიზმმა „რეფორმირებული“ პენიტენციალური სისტემა გადაიყოლა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


შემზარავმა ვიდეოკადრებმა, რომელიც გუშინ ქართულ მედიაში გაავრცელდა მთლიანად გააშიშვლა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სადიზმი. ვიდეოკადრების მიხედვით, თბილისში, გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების ჯგუფური გაუპატიურება, შემზარავი წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა და დამცირება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

კოშმარული რეალობა საჯარო გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა გახადა, რომელიც ამჟამად ბელგიაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

ვლადიმერ ბედუკაძემ ვიდეოკადრები ქართული ტელევიზიების გარდა ევროპარლამენტსაც მიაწოდა. ბედუკაძე ამტკიცებს, რომ პატიმრების სადისტური წამების მითითებას უშუალოდ შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია იძლეოდა, თუმცა არ აკონკრეტებს თავად ვისი დავალებით და ხელშეწყობით იღებდა ამ შემზარავ ვიდეოკადრებს:

„ვადასტურებ, რომ მერვე საპყრობილეში გახსნის დღიდან მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებზე ხდებოდა ზეწოლა, ცემა, წამება, მკვლელობები და ამის უშუალო დამკვეთი იყო ბაჩო ახალაია და შემსრულებლები იყვნენ საპყრობილის დირექტორები.

ძალადობაში ვგულისხმობ გაუპატიურების მცდელობას, ჯგუფურ ცემას, არავინ საქმის კურსში არ იყო, არავინ არაფერი არ იცის - მე ვიღებდი ყველა ჩანაწერს ფარულად.

ზეწოლა და წამება ხორციელდება პირადად ახალაიას მითითებით. არანაირი სამინისტრო, არანაირი კალმახელიძე და შაშკინი - ეს არის ბლეფი, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა ევროპელი და ქართული საზოგადოებისთვის.“

გლდანის მერვე ციხეში გადაღებულმა სკანდალურმა ვიდეოკადრებმა ელვისებურ პოლიტიკურ პროცესებს დაუდო სათავე. ჯერ კიდევ გუშინ, პირველი შემზარავი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სასჯელაღსრულების 33 წლის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საუბრობდა „გარკვეულ ძალებზე“, რომლებსაც „სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების დასამარება სურდათ.“

ამის მიუხედავად, კალმახელიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარე, გენერალ-მაიორი დავით ჭაკუა. უფრო შემზარავი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი, კალმახელიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

კოშმარულ ვიდეოკადრებს დილის ოთხ საათზე გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება:

„ალბათ, როგორც ყველა თქვენგანი, იმ კადრების ხილვის შემდეგ, რომელიც ვრცელდება ტელევიზიების მიერ, მეც ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც სულით ხორცამდე შოკირებული. ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში ეს არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.“

ამ დრომდე უამრავი შეკითხა არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის მიმართ. სამინისტრო გუშინ ამტკიცებდა, რომ პატიმრების წამების ორგანიზება და ვიდეოგადაღება გლდანის ციხის თანამშრომლების ნაწილს, მათ შორის, ვლადიმერ ბედუკაძეს, გარედან შეუკვეთეს.

შსს-მ ბედუკაძეზე გუშინვე ძებნა გამოაცხადა. ვიდეოგადაღების და ძალადობის ორგანიზატორებად კი, შსს-მ გლდანის ციხის პატიმარი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი და ბიზნესმენი, კომპანია „ელიზის“ მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი დაასახელეს.

თამაზ თამაზაშვილი, რომელიც შარშან ოქტომბერში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს სამ წლიან სასჯელს იხდის. იგი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

ადვოკატმა შალვა თადუმაძემ, რომელმაც დღეს გლდანის ციხეში მოინახულა თამაზ თამაზაშვილი შსს-ს ბრალდებას აბსურდი უწოდა. ბრალდება კატეგორიულად უარყო თამაზ ელიზბარაშვილმაც, იგი დღეს თავისი სურვილით წავიდა პროკურატურაში და ჯერჯერობით მისი შემდგომი ბედი უცნობია.

შალვა თადუმაძე: „შევხდი თამაზაშვილს. მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არანაირი ღონისძიებები არ განხორციელებულა, არც ზეწოლას აქვს ჯერჯერობით ადგილი.

მას არც არავინ შეხვედრია მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს წარმომადგენელი იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ თამაზაშვილი დანაშაულის დამკვეთი, მონაწილე და ფულის გადამხდელია. მასთან არც გამომძიებელი შესულა, არც ბრალი წარდგენია.“

თამაზ ელიზბარაშვილი: „ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია, პირადად თამაზ თამაზაშვილს არ ვიცნობ, არც არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. რაიმე დანაშაულზე ლაპარაკიც ზედმეტია. შეხებაც კი არ მაქვს.“

საქართველოს რამდენიმე ქალაქში ამ დრომდე არ წყდება დემონსტრაციები ერთიანი მოთხოვნით - „არ აწამო!“ დემონსტრანტების ნაწილი სასჯელაღსრულების უკვე ყოფილი მინისტრის, კალმახელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.

მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარებაა გლდანის ციხესთან, სადაც მიტინგს პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადაცვითი ორგანიზაციები მართავდნენ. აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

პროკურატურამ სასჯელაღსრულების სისტემის ათი თანამშრომელი დააკავა, მათ შორის დეპარტამენტის და გლდანის ციხის მაღალჩინოსნებიც, თუმცა ახალ შემზარავ ვიდეოკადრებში, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება მრავალი სხვა მოძალადეების სახეებიც ჩანს.

ამ მასშტაბური დაპატიმრებების ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია ვის, როგორ და რა მიზნით უნდა დაეკვეთა ციხეებში შემზარავი ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელთა ნაწილიც 2010 და 2011 წლებშია გადაღებული?!

საქართველოს პატრიარქმა დღეს მომხდარის სასწრაფო გამოძიება და სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა. სკანდალის არნახული მასშტაბების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საერთოდ გააუქმა პეინტენციალური სისტემა, რომლის რეფორმირებაზე, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ასეულობით მილიონი ლარია დახარჯული. პრეზიდენტის ბრძანებით, ციხეები და კოლონიები სამართავად დროებით საპატრულო პოლიციას გადაეცა.

P.S. დღის ბოლოს გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოში სოროსის ფონდის წარმომადგენლობამ მოითხოვეს იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა

პატიმრების სიკვდილიანობა საქართველოს ციხეებში (2003-2012)
2003 – 44
2004 – 42
2005 - 40
2006 – 89
2007 – 101
2008 – 90
2009 – 91
2010 – 142
2011 – 140
2012 – 40 (მაისის ჩათვლით)