Your browser doesn’t support HTML5
საქართველომ ავღანეთში მე-18 ჯარისკაცი დაკარგა. ჰელმანდის პროვინციაში მესამე ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური 23 წლის კაპრალი მინდია აბაშიძე დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრომ დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაცია არც ამჯერად გაავრცელა.
მინდია აბაშიძის ნათესავების ცნობით, თალიბმა ტერორისტმა თვითნაკეთი ყუმბარა პირდაპირ საბრძოლო „ჰამერში“ ჩააგდო, სადაც კაპრალ აბაშიძის გარდა კიდევ ორი ქართველი სამხედრო იმყოფებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.
ხელვაჩაურის მკვიდრი კაპრალი აბაშიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. 2010 წლის ნოემრიდან 2011 წლის აპრილამდე ერთხელ უკვე იმყოფებოდა ავღანეთში სამშიდობო მისიით. მინდია აბაშიძის ბიძაშვილი ამბობს:
„დაიღუპა სამშვიდობო მისიის შესრულების დროს. ჰამერის ლუქში ჩავარდა ნაღმი და ხელებში აუფეთქდა, ვეღარ მოასწრო გადაგდება. ეს ეს შეჯავშნული მანქანაა, წინა ლუქში, ათმეთაურის ადგილზე ჩავარდა ეს ნაღმი, მინდია სადაც იჯდა, გადმოგდება ვეღარ შეძლო და ხელში აუფეთქდა. სხვა სამხედროები უკან იჯდნენ.
ავღანეთში დადიოდა სულ, ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, უშიშარი იყო წინა ხაზზე იდგა, როცა გვიყვებოდა, თუ რა ბრძოლებში უხდებოდა ყოფნა, სულ გვიკვირდა. მეორედაც რომ წავიდა, კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა.“
საქართველოს ავღანეთში უკვე 1548 ჯარისკაცი ჰყავს, აქედან მესამე ბრიგადის 32-ე ქვეითი და მეორე ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონების ჯამში 1500-მდე მეომარი ჰელმანდის პროვინციაში იბრძვის. ერთი გაძლიერებული ოცეული - 50 ჯარისკაცის შემადგენლობით კი, ქაბულშია განლაგებული.
უახლოეს მომავალში, 23-ე ქვეით ბატალიონს პირველი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონი შეცვლის, რომელმაც უკვე გაიარა სპეციალური მომზადების კურსი გერმანიაში.
რა ბედი ელის ქართულ მისიას ავღანეთში, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ?
კოალიციის წევრები, მათ შორის რესპუბლიკური პარტია შარშან ქართველი სამხედროების გამოყვანას მოითხოვდა, თუმცა, დღეს შედარებით ფრთხილი განცხადებები კეთდება. თავდაცვისა მომავალი მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს:
ირაკლი ალასანია: „ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალები დარჩება მანამდე, ვიდრე მისია არ იქნება შესრულებული. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ გეგმის შემუშავებას როდის, რა ეტაპზე იქნებიან ჩვენი სამხედროები გამოყვანილი ავღანეთიდან. თუმცა იქ იქნებიან მანამდე, ვიდრე არ შესრულდება მისია.“
23 წლის კაპრალის მინდია აბაშიძის ცხედარი თბილისში კვირას ჩამოასვენეს. აეროპორტში იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი, გიორგი კალანდაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით ნარდია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომავალი თავჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. კვირასვე მინდია აბაშიძის ცხედარი ხელვაჩაურის რაიონში გადაასვენეს და მიწას მის მშობლიურ სოფელში, თხილნარში მიაბარებენ.
ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები:
05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე