ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მეთექვსმეტე ქართველი დაიღუპა


სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე
სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე

ქართველი სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე, რომელიც აგვისტოში 36 წლის გახდებოდა, ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალებში, რიგით მე-16 მსხვერპლია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის სერჟანტი ჰელმანდის პროვინციაში, პატრულირების დროს, თალიბთა მიერ დადებულ ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

ვალერიან ხუჯაძე 2004 წლიდან მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში და ავღანეთის გარდა, მონაწილეობდა ერაყის ოპერაციაშიც, შარშან დაჯილდოვებული იქნა მედლით სამშვიდო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტში, რომელსაც დაღუპულის ოჯახი მიიღებს, შედის დაზღვევის თანხა - 15 ათასი ლარი და კიდევ 15 ათასამდე ლარი დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად.

ავღანეთის ოპერაციაში 16 დაღუპული ქართველი სამხედროდან 11 დაღუპული ჯარისკაცი 31-ე ბატალიონზე მოდის. 2011 წლის ოქტომბრიდან, მეორე როტაციიდან დღემდე, 31-მა ბატალიონმა ჰელმანდში ექვსი ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში იმდენად მძიმედ დაიჭრა, რომ უცნობია ოდესმე შეძლებს თუ არა შეიარაღებულ ძალებში სამსახურს.

ალექსანდრე ტუღუში
ალექსანდრე ტუღუში

2010 წლის აპრილიდან ნოემბრამდე კი 31-ე ბატალიონის ხუთი სამხედრო მოკლეს, მათ შორის, ასმეთაური მუხრან შუკვანი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ამერიკის ხმასთან ამბობს

„ცოტა მძიმე სტატისტიკაა მართალია და ერთი ბატალიონისთვის მართლაც საკმაოდ დიდი მსხვერპლია. კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა რაც იკვეთება, ალბათ მომზადებას, და პირველ რიგში ხელმძღვანელი რგოლის მომზადებას, ალბათ რაღაც დააკლდა.

თუ მანამდე ეს მსხვერპლი არ იყო ან სხვანაირად იყო გადანაწილებული, დღეს ასეა და ეს პირველ რიგში არის იმ ადამიანის პასუხისმგებლობა ვინც ადგილზე ხელმძღვანელობს. თუმცა შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს. ამიტომ ტარდება ხოლმე საბრძოლო მოკვლევა ყოველ შემთხვევაზე და შემდეგ ხდება მოკვლევის შედეგების ანალიზი.

სიკვდილი არის განსაკუთრებული შემთხვევა, მაშინაც კი როცა ომია და როდესაც სიკვდილი უფრო სავარაუდოა, ვიდრე სხვა ვითარებაში. საბრძოლო ვითარებაში ჯარსკაცის სიკვდილი რა თქმა უნდა ეს არის მეთაურის უშუალო პასუხიმგებლობა.“

საქართველო ჯერჯერობით 937 ჯარისკაცითაა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წარმოდგენილი, თუმცა უკვე არსებობს საქართველოს პარლამენტის თანხმობა, რომ ქართული კონტიგენტი კიდე 738 ჯარისკაცით გაიზარდოს. 1675 ჯარისკაცით საქართველოს NATO -ს არაწევრ ქვეყნებს შორის, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ყველაზე სამხედრო დიდი კონტიგენტი ეყოლება

მიუხედავად სერიოზული დანაკარგებისა გასულ კვირას, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 2014 წლის შემდეგაც დარჩება ავღანეთში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, იმ ექსპერტთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო ავღანეთში ამხელა სამხედრო კონტიგენტით წარმოდგენილი არ უნდა იყოს.

„თუ პოლიტიკური მიზანი გარკვეულია და მოითხოვს შენი ჯარისკაცის სადღაც ყოფნას, ეს უნდა განხორციელდეს მინიმალური საშუალებებით. თუ კი იმავე პოლიტიკური მიზნის მიღწევა რაც პოლიტიკურ ელიტას აქვს ჩაფიქრებული როცა ჯარს აგზავნის უცხოეთში, შესაძლებელია 2 ჯარისკაცით, მაშინ მესამე ჯარისკაცი უკვე ჭარბია. ამას ჩვეულებრივ ძალთა ეკონომიის პრინციპს ეძახიან და ცდილობენ რომ არ დაარღვიონ.

არასოდეს ამ პრინციპის დარღვევა არ მთავრდება კარგი შედეგით და ჩვეულებრივ თავდება იმით, რომ შენს სტრატეგიულ მიზანს აცდები ხოლმე. რა თქმა უნდა 1700 ჯარისკაცი ავღანეთში, საქართველოს მასშტაბისთვის არის ჭარბი ძალები.“

ბოლო პერიოდში, ქართულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა ,რომ თავდაცვის სამინისტრო ავტომატურად კონტრაქტს უწყვეტს და რამდენიმე ათასი ლარით აჯარიმებს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში სამსახურზე უარს ამბობენ. თუმცა, თავდაცვის სამინისტრო ასეთ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე

30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი

14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი

24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე

01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე

30/12/2011 კაპრალი ბესარიონი ნინიაშვილი

07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე

21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა

21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია

21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე

24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე

XS
SM
MD
LG