საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რიგით მე-11 ჯარისკაცი დაკარგა. 2012 წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე, მესამე ქვეითი ბრიგადის, 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა.
კაპრალი ნინიაშვილი ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში უკვე მეორედ მონაწილეობდა. 2010 წლის აპრილიდან ნოემბრამდე 31-ე ბატალიონმა ამ პროვინციაში ხუთი მეომარი დაკარგა, მათ შორის ბატალიონის მეთაური მუხრან შუკვანი.
2011 წლის ოქტომბერში 31-ელები ჰელმანდში მეორედ დაბრუნდნენ და სამწუხაროდ, კიდევ ერთი მსხვერპლი განიცადეს. ქართველი კაპრალი სწორედ იმ დღეს დაიღუპა, როცა ჰელმანდში ერთდღიანი ვიზიტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ბაჩო ახალაიამ ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადა
„ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჰელმანდის პროვინიაში, იმისთვის, რომ ჩვენი ბატალიონისთვის მიგველოცა დამდეგი ახალი წელი. სამწუხაროდ დაემთხვა ისეთი ფაქტი, მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც აქვე ჩვენს მახლობლად, ჩვენი ერთერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა - კაპრალი ნინიაშვილი.
როგორც მისი კოლეგები ახასიათებენ, კაპრალი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული თვისებებით. სამწუხაროდ ამ აფეთქებას ემსხვერპლა მისი სიცოცხლე.
მე მინდა უპირველეს ყოვლისა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ყველა მის მეგობარს და მის კოლეგებს, თანამებრძოლებს, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მთელი ამ წლების განმავლობაში.“
საქართველოს ავღანეთში 937 ჯარისკაცი ჰყავს და უახლოეს მომავალში, დამატებით კიდევ 738 ჯარისკაცს გადაისვრის. პრეზიდენტ სააკაშვილის ამ ინიციატივას, რომელსაც საზოგადოებაში უკვე მწვავედ აკრიტიკებენ, პარლამენტმა მწვანე შუქი დეკემბერში აუნთო.
1675 ჯარისკაცით, საქართველოს ავღანეთში, NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი სამხედო კონტიგენტი ეყოლება. დღეისათვის, ISAF-ის ოპერაციაში 90 000 ამერიკელი ჯარისკაცია ჩაბმული. შემდეგ მოდიან: დიდი ბრიტანეთი - 9500 მეომარი; გერმანია - 4818 ჯარისკაცი; იტალია- 3953 და საფრანგეთი - 3916 მეომარი; პოლონეთს ავღანეთში 2475 მებრძოლი ჰყავს; რუმინეთს - 1876, თურქეთს - 1845 და ავსტრალიას 1550.
ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონის გადასროლით საქართველო სწორედ ავსტრალიას გადაასწრებს. სულ ავღანეთში 49 ქვეყნის 130 313 ჯარისკაცი იბრძვის. მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი შესაბამისად 94 და 126 ჯარისკაცით არიან წარმოდგენილნი.
კოალიციის ქვეყნების უმრავლესობა, 2012 წელს სამხედრო კონტიგენტის მნიშვნელოვნად შეამცირებას გეგმავს. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გასული წლის ბოლოს ავღანეთში, ქართველი ჯარისკაცებისთვის დამდეგი ახალი წლის მისალოცად იყო ჩასული. მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რვა მებრძოლი მედლით დააჯილდოვა.
ჰელმადში დისლოცირებული პოლკის, მერვე ქვედანაყოფის მეთაურმა ამერიკელმა პოლკოვნიკმა ერიკ სმიტმა კერძოდ განაცხადა
"ერთ-ერთი ბატალიონი, რომლის მეთაურიც მე გახლავართ საქართველოს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონია ქუთაისი. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული ბატალიონების მიერ შესრულებულმა სამუშაომ.
ეს უკვე მესამე ქართული ბატალიონია, რომლის მეთაურობის პატივიც მე მხვდა წილად და მინდა გითხრათ, რომ ისინი არიან ძალიან მამაცი და თავდადებული სამხედროები. ისინი ძალიან კარგად ასულებენ მისიას საომარი მოქმედების რაიონში. ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს ამ ჯარისკაცებით, რადგან ისინი არიან კარგი მეომრები, მამაცები, თავდადებულები და ძალიან დისციპლინირებულები.
მე ვამაყობ იმ სამსახურით რაც მათ აქ, ჰელმანდის პროვინციაში, ავღანეთში გასწიეს. მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია ამ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე. ისინი გამორჩეულად კარგი პარტნიორები არიან კოალიციისთვის და მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ კიდევ ვნახავ აქ მეტ ქართველ ჯარისკაცებს, რადგან ისინი არიან ძალიან კარგი, სანდო და მამაცი სამხედროები“.
22 წლის ბესარიონ ნინიაშვილი შეიარაღებულ ძალებში მეოთხე წელია მსახურობდა და ამ პერიოდში სამი მედლით იყო დაჯილდოვებული. მათ შორის, „სამშვიდო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“, „საბრძოლო დამსახურებისა“ და „საბრძოლო იარაღისთვის“.
ბესარიონ ნინიაშვილი ჰელმანდის პროვინციაში მეორედ გამგზავრებამდე დაქორწინდა. მისი ცხედარი სამშობლოში 1 იანვარს ჩამოასვენეს. კაპრალ ნინიაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.