საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ ისევ დაბრუნდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში.
31-ე ბატალიონი 2010 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ომობდა ჰელმანდში და ჯერჯერობით, ყველაზე მძიმე დანაკარგები სწორედ ამ ბატალიონმა განიცადა. ოცდამეთერთმეტელებისთვის უმძიმესი აღმოჩნდა 2010 წლის სექტემბრის თვე.
5 სექტემბერს თალიბმა სნაიპერმა 31-ე ბატალიონის ასმეთაური, 28 წლის მუხრან შუკვანი იმსხვერპლა, 25 წლის კაპრალმა ალექსანდრე გითოლენდიამ კი ნაღმზე აფეთქებისას ორივე კიდური დაკარგა.
30 სექტემბერს კი როტაციის წინ, 31-ე ბატალიონის ერთბაშად ოთხი ქართველი სამხედრო: პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ.
ჰელმანდში მეორედ გადასროლამდე 31-ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მზადების კურსი გაიარა, როგორც ვაზიანისა და კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე, ისე ამერიკის გაერთიანებულ მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში. 31-ე ბატალიონის გაცილების საზეიმო ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კერძოდ თქვა:
„დღეს უკვე მეორედ გავაცილეთ ეს ბატალიონი ავღანეთში. მინდა, 31-ე ბატალიონის ყველა წარმომადგენელს მივულოცო წვრთნების წარმატებით დასრულება. ეს არის ძალიან ძლიერი, კარგად მომზადებული ბატალიონი, რომელმაც გაიარა, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მომზადება ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად.
მინდა სიამაყით ვთქვა, რომ როდესაც ისინი უკან საქართველოში დაბრუნდებიან, ეს იქნება, ალბათ, ქართულ შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი საუკეთესო ბატალიონი, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით და პრაქტიკული ცოდნით ბევრად უფრო აამაღლებენ ჩვენი საბრძოლო მომზადების დონეს.“
31-ე ბატალიონის 749 ჯარისკაცმა, როტაციის წესით, 33-ე ბატალიონი ჩაანაცვლა, რომელიც ჰელმანდში, 2011 წლის აპრილიდან იყო დისლოცირებული და სამი მეომარი დაკარგა.
პირველი დანაკარგი 33-ე ბატალიონმა ჰელმანდში ჩასვლიდან ერთ თვეში განიცადა, უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანაიძე ნაღმზე 27 მაისს აფეთქდა. 20 ივნისს თალიბებმა რიგითი გია გოგუაძე მოკლეს, 31 აგვისტოს კი მოჯაჰედთა თავდასხმას უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე შეეწირა.
შედარებით მცირე დანაკარგით, ჰელმანდის პროვინცია 32-ე ბატალიონმა დატოვა. 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილამდე, 32-ელებს კაპრალი გიორგი ავალიანი და კაპრალი ვალერი ვერსკიანი მოუკლეს. კიდევ ოთხი მეომარი კი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის, 32-ე ბატალიონის ასმეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე.
ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს სამხედრო დახმარებას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შესაბამისად აფასებს.
ფრენკ ბოლანდი: „ნატო შესაბამისად აფასებს საქართველოს დახმარებას ავღანეთის ოპერაციაში. ეს ოპერაცია არის ჩვენი საზოგადოებების უსაფრთხოების გარანტია და ასევე ნაბიჯია სტაბილურობისკენ ავღანეთში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქ გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ. ვათვიცნობიერებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.“
გარდა ჰელმანდში დისლოცირებული 749 ჯარისკაცისა, საქართველოს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დამატებით კიდევ ერთი ასეული - 176 მეომარი ჰყავს. 2012 წლისთვის კი ოფიციალური თბილისი, ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას 925-დან 1675 მეომრამდე გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი მებრძოლი ეყოლება.
ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, დანაკარგების მხრივ ლიდერობს 22 მილიონიანი ავსტრალია, რომელსაც დღეისთვის 29 ჯარისკაცი მოუკლეს; მეორეა საქართველო - 10 მოკლული; შემდეგ მოდიან: ახალი ზელანდია - 4 დაღუპული, იორდანია - 3 მოკლული და სამხრეთ კორეა - 1 მოკლული.
ჰელმანდის პროვინციაში, ერთ-ერთ საბრძოლო პოსტს, სწორედ 31-ე ბატალიონის ტრაგიკულად დაღუპული მეთაურის სახელი მიენიჭა, ოფიცერი მუხრან შუკვანი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი დანაკარგი იყო ავღანურ მიწაზე.