საქართველოს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 56 წლის არჩილ გეგეშიძე გახდა. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს დიდი ხანია მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, თუმცა, ამ მიმართულებით გეგეშიძეს არასოდეს უმუშავია.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გეგეშიძე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; შემდეგ, სახელმწიფო კანცელარიაში საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მეთაურის თანაშემწე.
მას ასევე ეჭირა პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩევლის თანამდებობა, საგარეო პოლიტიკის დარგში. ცამეტი წლის წინ, გეგეშიძემ ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდია მოიპოვა და მცირე ხნით სტენფორდის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად წარდგენამდე, არჩილ გეგეშიძე სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) აკადემიური ხელმძღვანელი იყო, სადაც რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობდა.
გეგეშიძის წინამორბედი, ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილიც, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში მუშაობდა. არჩილ გეგეშიძე ამბობს:
„ჩვენი მთავარი მიზანი იქნება რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობები, რათა საქართველომ კიდევ უფრო მეტად შეძლოს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან იმ სიკეთის, მხარდაჭერისა და დახმარების მიღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას კიდევ უფრო განამტკიცებს.“
საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად არჩილ გეგეშიძე ჯერ კიდევ, 20 თებერვალს დაამტკიცა. გეგეშიძეს 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტი სააკაშვილი გეგეშიძისა და კიდევ რვა ახალი ელჩის დანიშვნას, თითქმის ერთი თვის მანძილზე აჭიანურებდა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ელჩების თემას პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებდნენ. ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი, ჯერ ძველი ელჩების გამოწვევის, შემდეგ კი ახალი ელჩების წარდგენისა და დანიშვნის სანაცვლოდ, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.
საბოლოოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცხრა ახალი ელჩის, მათ შორის არჩილ გეგეშიძის დანიშვნას, ხელი 18 მარტს მოაწერა. პრემიერ მინისტრმა, საპარლამენტო უმრავლესობამ და მთავრობის წევრებმა ამ მოქმედებას სახელმწიფოებრივი საბოტაჟი უწოდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გაჭიანურებულმა როტაციამ დიდი პრობლემები შექმნა, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობის კუთხით.
ზოგიერთ ქვეყანაში, საქართველოს ელჩები არ ჰყავდა ბოლო სამი-ხუთი თვის განმავლობაში. საფრანგეთში კი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს:
„საბოტაჟი დიდი ხანია გრძელდებოდა, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტმა ეხლა მაინც გადაწყვიტა მოეწერა ხელი და ელემენტარულად მუშაობის საშუალება მიეცა ახალი ელჩებისთვის.
დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი ქვეყნებია ცხრავე, სადაც ჩვენ, ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში, უკვე ელჩების დონეზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ.“
პრეზიდენტ სააკაშვილის 18 მარტის განკარგულების შემდეგ, საფრანგეთში საქართველოს ახალი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე გახდა; იტალიაში, სან მარინოსა და ვატიკანში - კახა სიხარულიძე; ავსტრიაში - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, რომელიც იმავდროულად ეუთოსა და ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად იმუშავებს;
უკრაინაში საქართველოს ელჩი იქნება მიხეილ უკლება; ჩეხეთში - ზაალ გოგსაძე; უნგრეთში - ზაზა კანდელაკი და ლატვიაში - თეიმურაზ ჯანჯალია.
პარლამენტში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, 96 ხმა, ბელგიასა და ევროკავშირში ახალმა ელჩმა ნატალია საბანაძემ მოიპოვა. ბოლოს იგი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი იყო.
პრეზიდენტ სააკაშვილის 18 მარტის განკარგულების მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სააკაშვილი კვლავაც ბლოკავს კიდე 20-მდე ახალი ელჩის წარდგენის პროცესს პარლამენტში და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას.
საქართველოს ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში (1993-2013)
ზურაბ ჩხეიძე (აგვისტო 1993 - ივნისი 1994)
თედო ჯაფარიძე (ივნისი 1994 - მარტი 2002)
ლევან მიქელაძე (ივნისი 2002 - იანვარი 2006)
ვასილ სიხარულიძე (თებერვალი 2006 - დეკემბერი 2008)
ბათუ ქუთელია (იანვარი 2009 - დეკემბერი 2010)
თემურ იაკობაშვილი (იანვარი 2011 - დეკემბერი 2012)
არჩილ გეგეშიძე (მარტი 2013 - დღემდე)