ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფესვები, მისი განვითარება და 2008 წლის საქართველო-რუსეთის ხუთ-დღიანი ომის შემდგომი სტატუს-კვო არაერთი წელია ქართველი ექსპერტებისა და აფხაზი კოლეგების კვლევის საგანს წარმოადგენს. რამდენად მდგრადია საქართველოსა და დასავლეთის არ-აღიარების პოლიტიკა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში და რა გავლენა აქვს მას საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე? როგორ იშიფრება ჩართულობის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ თბილისსა და ბრიუსელში, წარმოსადგენია თუ არა აფხაზეთის დე-იზოლაცია და რას მიიღებს აფხაზური საზოგადოება სანაცვლოდ, არის თუ არა მოსკოვის მიერ სტატუს-კვოს ლეგიტიმაცია ერთადერთი ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკა და ბოლოს, რა ცვლილებები უნდა შეიტანონ მხარეებმა არსებულ წარმოდგენებსა თუ ოფიციალურ ინტერპრეტაციებში, რათა დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდეს და დაპირისპირებიდან ტრანსფორმაციაზე გადასვლა გახდეს შესაძლებელი.
ერთობლივ კვლევას სწორედ ასე ქვია: კონფრონტაციიდან ტრანსფორმაციამდე.
გუშინ, კვლევის ორი წამყვანი ავტორი-ქართველი და აფხაზი მეცნიერები არჩილ გეგეშიძე და ირაკლი ხინთბა-ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას სტუმრობდნენ.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ამერიკაში ბრიტანული ორგანიზაცია „კონსილიეიშენ რისორსის“ მიერ ორგანიზებული პროგრამით იმყოფებიან.
ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიური პროგრამების კოორდინატორი ლორენს ბროერი გვეუბნება, რომ შეერთებულ შტატებს ამჟამად ქართველ და აფხაზ მკვლევარებთან ერთად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემსწავლელი ჯგუფიც სტუმრობს. სამხრეთ კავკასიური კონფლიქტების შესახებ შედგენილი დელეგაცია ვაშინგტონსა და ნიუ იორკში პარალელური კვლევის შედეგების პრეზენტაციას განახორციელებს. ქართულ-აფხაზური ჯგუფის შემთხვევაში, წარმოდგენილი იქნება აფხაზი და ქართველი მკვლევარების თვალით დანახული ბოლო პერიოდის სამშვიდობო პროცესი, კონფლიქტის მხარეების განსხვავებული გამოცდილება, პრობლემის ინდივიდუალური აღქმა და დაპირისპირების დარეგულირების ალტერნატიული გზები.
ირაკლი ხინთბა აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს ასეთ კვალიფიკაციას აძლევს: „ორი მხარის ურთიერთობები დღეს არ არსებობს. ოფიციალური კონტაქტი 2006 წელს კოდორის ხეობაში ქართული მხარის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ გაწყდა.“ აფხაზი მკვლევარი დასძენს, რომ მდგომარეობა ანალოგიური დარჩა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და მოგვიანებით, მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.
ირაკლი ხინთბა პარადოქსულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე არც ქართული და არც აფხაზური მხარე ერთმანეთთან კონფლიქტის არსებობას არ აღიარებს: საქართველოს შემთხვევაში კონფლიქტი მდგომარეობს საქართველო რუსეთს შორის, აფხაზეთის გადასახედიდან კი დაპირისპირება ამოწურულია იმდენად, რამდენადაც აფხაზეთს უსაფრთხოების გარანტია აქვს მიღებული მოსკოვიდან და ფინანსური და ეკონომიკური განვითარების სფეროში რუსეთის მხარდაჭერითაც სარგებლობს. შესაბამისად, არ არსებობს თბილისთან კონტაქტის საჭიროება ან სურვილი.
მკვლევარი დარწმუნებულია რომ სწორედ ეს არსებული კონტექსტი ხელს არ უწყობს სამშვიდობო პროცესის წარმოებას.
2008 წლის ომის გავლენა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე და სტატუს-კვო ერთნაირად მიუღებელია საერთაშორისო და ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა მხარეები სიტუაციას განსხვავებულად აღიქვამენ და შესაბამისად, განსხვავებულია მათი მიდგომები, აცხადებს არჩილ გეგეშძე.
ორ მხარეს შორის არსებული სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა 2008 წლის მოვლენების შემდეგ. სტატუს-კვო სტაბილურია, თუმცა საკმაოდ მყიფე და ქართულ-აფხაზური მხარეები ურთიერთგაგების ძიების სანაცვლოდ კიდევ უფრო შორდებიან ერთმანეთს, ამბობს იგი.
ქართველი მკვლევარი, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში მხოლოდ საკუთარ აზრს გადმოგვცემს და არ წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მოსაზრებებს ამბობს, რომ ამ ეტაპზე არც ქართული და არც აფხაზური მხარე არ აჩვენებს წარსული შეცდომების გათვალისწინების სურვილს, რაც თავის მხრივ ბლოკავს კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას.
ირაკლი ხინთბა: „ერთი შეხედვით აფხაზებისთვის მშვიდობა უკვე არსებობს, მაშინ როდესაც რუსეთმა ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები მოგვანიჭა და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ რომ ომი აღარ მოხდება. მეორეს მხრივ, კონფლიქტი არ არის გადაწყვტილი. ეს აშკარაა რამეთუ მხარეები ახლაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ავითარებენ კონფლიქტთან დაკავშირებით.“
აქვე, აფხაზი კვლევარი აცხადებს, რომ მისთვის ამ ეტაპზე აფხაზურ-ქართული კონფლიქტის დარეგულირების პარადიგმის ჩანაცვლება უნდა მოხდეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის ცნებით.
ეს კი აფხაზეთის დე-იზოლაციით უნდა დაიწყოს.
ხინთბას მიაჩნია, რომ აფხაზეთის იზოლაცია საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და მისი განხორციელების შედეგია და რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩადებულია საქართველოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, ხელს უშლის აფხაზურ-ქართული კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესს.
არჩილ გეგეშიძე ეთანხმება მის აფხაზ კოლეგას და ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ქვეყნები არ უნდა იყვნენ აქცენტირებული მყისიერ რეზულტატზე რამეთუ აფხაზურ-ქართულ კონფლიქტს ღრმა ფესვები აქვს და მომავალში კომპრომისის მიღწევას შესაძლოა წლები თუ არა ათწლეულები დასჭირდეს. ამ ეტაპზე კი მისი რწმენით, მეტი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის შედეგად დღეს არსებული პრობლემების შესამსუბუქებლად. მხარეებმა ახლებურად უნდა გააცნობიერონ კონფლიქტი და პრობლემას შეეგუენ, თუმცაღა სამომავლო პროგრესისთვის იღვაწონ.
ხინთბა: „ვაშინგტონში ჩემი მთავარი გზავნილია აფხაზეთის ლტოლვა დამოუკიდებლობისაკენ. მინდა გავფანტო ის წარმოდგენები, რომ თითქოს აფხაზეთი შავი ხვრელია, რუსეთის მარიონეტული ტერიტორია ან საბჭოთა ტიპის ანკლავი. მე შევეცდები განმარტებას იმისა, რომ აფხაზეთში დღეს ძალიან საინტერესო და აქტიური შიდა პოლიტიკური დინამიკა ვითარდება. აქ ვგულისხმობ დისკუსიებს რომლებშიც აფხაზეთის ბედზე მიდის მსჯელობა. აფხაზ ხალხს არ უნდა საქართველოს სახელმწფოს შემადგენლობაში დაბრუნება და მას არც რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება სურს.“
გეგეშიძე: „მიუხედავად პოლიტიკური ჩიხისა, ორი მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ურთიერთობას ახერხებენ, თუმცა ეს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ხდება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათგან არის მზადყოფნა. ჩვენი ვაშინგტონში ვიზიტი სწორედ ამის გამოხატულებაა.“