„საერთაშორისო საზოგადოება არაფერს აკეთებს ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად. დასავლეთი და კონფლიქტის მხარეები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში იკრიბებიან და ეს თავისთავად ძალიან ცოტაა კონფლიქტის მოსაგვარებლად. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზები ავტონომიას კიდევ უფრო მეტად კარგავენ და ახლა დე ფაქტო რუსულ ანექსიასთან გვაქვს იქ საქმე."
ფაქტია ისიც, რომ სოხუმს კიდევ უფრო მეტად აქვს დაკარგული მოლაპარაკებების სურვილი და ინტერესი, ვიდრე ეს მას 2008 წლამდე გააჩნდა. ახლა მას რუსეთის გარანტიები აქვს მიღებული და არაფერში აინტერესებს თბილისთან კონტაქტი.
შესაბამისად, იმის მტკიცება რომ აფხაზეთში არსებული სიტუაცია რუსულ-აფხაზური დაპირისპირების შედეგია, არაფერს მოგვიტანს. თბილისს სოხუმთან მეტი ჩართულობა მართებს რათა ქართველებმა გაიგონ ის, თუ რისი სურვილი აქვს ან რა აწუხებს სოხუმს და არა ის თუ რა უნდა რუსეთს.
ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დღეს არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები და ეს ძრითადად ეკონომიკური გაცვლების სახით ხდება ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ათასობით ადამიანი ზუგდიდიდან გალში გადადის და ამას მხოლოდ სასიკეთო შედეგი აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მე ვფიქრობ, თუ დახურული საზღვრის გასწვრივ შეიქმნება თავისუფალი სავაჭრო ზონა, ეს დამატებით, დადებით ელემენტს შეიტანს ორმხრივ ურთიერთობებში.
შესაძლოა სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო დაჩქარდეს სასაზღვრო მიმოსვლა თუმცა ეს მოვლენა სავარაუდოდ უფრო რთული და მტკივნეული იქნება, რამეთუ აფხაზეთის სტატუსის პრობლემასაც წამოწევს წინ. თუმცა მგონია რომ არც ეს სცენარია შეუძლებელი.“
და ბოლოს, ამერიკელი ექსპერტის აზრით ახალგაზრდებმა, ბარიკადის ორივე მხარეს, სტერეოტიპების დამსხვრევა უნდა შეძლონ და მეტი ჩართულობით, თავიანთი მთავრობების მიერ აგებული სირთულეები გადალახონ და ურთიერთგაგებას მიაღწიონ.
თომ დე ვაალი: „ძალიან კარგი კითხვაა. პრობლემა ახლა იმაშია, რომ ქართველები და აფხაზები საერთო ენას კარგავენ. ორმხრივი ურთიერთობა ახალგაზრდებს შორის ვერ იქნება ადვილი ენის ბარიერიდან გამომდინარეც, რამეთუ საქართველოში რუსულს ივიწყებენ, აფხაზეთში კი მეგრული ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ამ ფონზე, მნიშვნელოვანი იქნება თუ დაცული იქნება რიგითი აფხაზების უფლება და მათ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მიეცემათ მოგზაურობის საშუალება, თუნდაც რუსული პარსპორტებით. ეს ადვილი არ იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აფხაზებს საშუალება ქონდეთ იმოგზაურონ და სხვებს, არამარტო რუსებს, არამედ ევროპელებს და ასევე ქართველებს შეხვდნენ და თავიანთი პრობლემების შესახებ ესაუბრონ.
სწორედ ეს უნდა გახდეს აფხაზებთან ჩართულობის პოლიტიკის მიზანი.“
ამერიკის ხმა ესაუბრებოდა ვაშინგტონში მდებარე კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტს, კონფლიქტოლოგს თომას დე ვაალს.