ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ ნორლანდი ფიცს დებს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას უმასპინძლა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას უმასპინძლა.

რიჩარდ ნორლანდი ამ საპატიო თანამდებობაზე პრეზიდენტ ობამას ნომინაციის შემდეგ წელს, 29 მარტს ამერიკის სენატმა დაამტკიცა. გუშინ მან ამერიკის კონსტიტუციის დაცვის პირობა მისცა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს რუთ ბეიდერს.

ოფიციალურ თავყრილობაში მონაწილეობდა და სტუმრებს ნორლანდის კანდიდატურა კიდევ ერთხელ გააცნო სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსმა. დამსწრეთა შორის მრავლად იყვნენ ამერიკის ყოფილი და მოქმედი დიპლომატები, ყოფილი ელჩები საქართველოში რიჩარდ მაილსი, და უილიამ კორტნი, ასევე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბატონი ნორლანდის ოჯახის წევრები თუ მეგობრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც სომხეთისა და უზბეკეთის ელჩები. სხდომაზე ქართული და ამერიკული ეროვნული ჰიმნები შეასრულა საქართველოდან ჩამოსულმა მომღერალმა თეონა დვალმა.

უილიამ ბერნსის მიმართვაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა რიჩარდ ნორლანდის პროფესიული კარიერის და წარმატებების დეტალები მისი ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური სამსახურის დროს. ბატონმა ბერნსმა უმაღლესი შეფასება მისცა ნორლანდის აქტიურ და წარმატებულ მოღვაწეობას რუსეთთან და ავღანეთთან ამერიკის ურთიერთობების ყველაზე მგრძნობიარე ეტაპებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ნორლანდის მოღვაწეობა 90 იან წლებშიც როცა ის ამერიკულ მისიას ხელმძღვანელობდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე უწევდა მუშაობა. სწორედ იმ დროს გაწეული სამსახურისა და ღვაწლის შემდეგ ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა რიჩარდ ჰოლბრუკმა დიკ ნორლანდს საპატიო ჯილდო გადასცა ლიდერობის, შეუპოვრობისა და ინიციატივის გამოჩენისთვის კონფლიქტურ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.

ბერნსმა აღნიშნა, რომ მომავალი პოსტი საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე. ახლა როცა ამერიკა-საქართველო ოცწლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღნიშნავენ, ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს არჩეულ ლიდერებთან მუშაობას და ამ ქვეყანაში ყოველი მოქალაქის უფლებების, თავისუფლების, და შესაძლებლობების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. რიჩარდ ნორლანდს პრეზიდენტ ობამას სრული მხარდაჭერა აქვს რაც მას ახალი თანამდებობის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. ის საუკეთესო კანდიდატია საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტზე, თქვა ბერნსმა.

მოსამართლე ბეიდერი, რომელიც ამ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებო მისიით იყო მოსული, ამერიკის უზენაესი სასამართლოს რიგით მეორე მოსამართლე ქალია. იგი უზენაეს სასამართლოში 1993 წელს პრეზიდენტმა უილიამ ჯეფერსონ კლინტონმა დანიშნა. დღემდე, ბეიდერი ცნობილია როგორც სასამართლოს ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი და წლების განმავლობაში ქალთა უფლებების დაცვის ადვოკატად, შემდეგ კი კონსტიტუციაში ქალთა უფლებების ჩართვის პრინციპის მხარდამჭერად ითვლებოდა. ბეიდერმა მიულოცა ამერიკელ დიპლომატს მორიგი წარმატება და საქართველოში დიპლომატიური სამსახურის დაწყება. ამერიკელ დიპლომატს მან ქვეყნის უმაღლესი კანონის დაცვის პირობა ჩამოართვა.

საქართველოში მიმავალმა ამერიკის ელჩმა აღტაცებით მოიხსენია საქართველოს სილამაზე, მდიდარი წარსული და ხალხი. მას არაფერი უთქვამს მის დამოკიდებულებაზე საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ. თუმცა შენიშნა, რომ ქვეყანაში პროგრესია მიღწეული 90იანი წლების ნგრევისა და კონფლიქტების შემდეგ, რომელსაც ის ასე კარგად იცნობს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას ამ პოსტზე ნომინირებისა და დამტკიცების დროს გამოხატული ნდობისთვის, და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოში ჩასვლას- „ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც საუცხოო წარსული და იმედისმომცემი მომავალი აქვს.“
XS
SM
MD
LG