უკვე ერთი კვირაა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წინასაექსტრადაციო პატიმრობაში თურქეთის მოქალაქე სერქან კურტულუში იმყოფება. იგი თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ ცნობილი და აქტიური წევრია. „რუხი მგლები“ (Bozkurtçular) რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
40 წლის კურტულუში ქართველმა სამართალდამცველებმა 27 ივნისს ბათუმში დააკავეს. კურტულუშის მხარდამჭერი თურქი ნაციონალისტები, როგორც მუსტაფა დესტიჯის „დიდი ერთობის“ (Great Unity Party), ისე პრეზიდენტ ერდოღანის კოალიციური პარტნიორის დევლეთ ბაჰჩელის „ნაციონალისტური მოძრაობის“ პარტიიდან (Nationalist Movement Party) აცხადებენ, რომ მისი დაპატიმრება მოულოდნელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა სერქან კურტულუში ბათუმში არ იმალებოდა. მისი სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ტერიტორიაზე, კურტულუშს საკმაოდ აქტიური ცხოვრების რეჟიმი ჰქონდა.
თურქეთის პროკურატურა კურტულუშს ქალაქ იზმირის „შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად“ მიიჩნევს. ბრალდების მიხედვით, ამ დაჯგუფებამ ჯამში, ბიზნესმენებზე 26 შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. ასევე დაკავებული იყო ადამიანების გატაცებით, შანტაჟით, დაშინებითა და ფულის გამოძალვით. კურტულუშს 2017 წლის დეკემბერში იზმირში ერთი ბიზნესმენის მკვლელობაშიც ედება ბრალი.
ბათუმის სასამართლოში, სადაც სერქან კურტულუშს 3 თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯეს, თურქეთის მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავდა. მან „ამერიკის ხმას“ უთხრა რომ ბრალდებულის თანხმობის გარეშე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს:
მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს მოგახსენებთ, შესაბამისად ვერც იმას გეტყვით აღიარებს თუ არა იგი წარდგენილ ბრალს"ჯემალ კიკნაძე, სერქან კურტულუშის ადვოკატი
„მაგ საკითხზე ჩემს კლიენტთან არ მისაუბრია და მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს მოგახსენებთ, შესაბამისად ვერც იმას გეტყვით აღიარებს თუ არა იგი წარდგენილ ბრალს, ამ მომენტისთვის ამის თქმის უფლება არ მაქვს.“
სერქან კურტულუში თურქეთის კიდევ ერთ მოქალაქე არფასლან ჩელიქთან ერთად თურქეთის გარკვეულ ისლამურ და ნაციონალისტურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ ერაყის, შემდეგ კი სირიის სამოქალაქო ომში, იქ მცხოვრები თურქულენოვანი უმცირესობის - თურქმანების მხარდასაჭერად.
„სირიის თურქმანების ბრიგადებში“ ჩელიქი „მეათე ბრიგადის“ ერთ-ერთი მეთაური, ხოლო - კურტულუში მისი მარჯვენა ხელი იყო. სწორედ მათ სახელს უკავშირდება 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის ოლეგ პეშკოვის მკვლელობა.
25 ნოემბერს, რუსეთის არმიის ბომბდამშენი SU-24M, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქმანული ბრიგადების პოზიციებს ბომბავდა თურქეთის არმიის F16-მა ჩამოაგდო. კატაპულტირების დროს ერთი რუსი პილოტი გადარჩა, მეორეს - პეშკოვს კი ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს და მოკლეს. მფრინავს რვა ტყვია მოხვდა.
იმავე დღეს, რუსი პილოტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არფასლან ჩელიქის ბრიგადამ აიღო, რომელშიც სერქან კურტულუშიც შედიოდა. ჩელიქმა სოციალურ ქსელში ვიდეოც ატვირთა, სადაც ხელში რუსი პილოტის პარაშუტის ნაწილი ეჭირა და მისი მკვლელობის დეტალებს ყვებოდა.
2016 წელს, რუსეთის ზეწოლით, თურქეთმა ჩელიქი, კურტულუში და კიდე 18 თურქი ნაციონალისტი იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავა, თუმცა სასამართლომ ისინი მალევე გაანთავისუფლა.
2017 წელს, ჩელიქი მოსკოვის ზეწოლით ხელმეორედ დააკავეს და ამჯერად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო სხდომებს ესწრებოდა მამამისი რამაზან ჩელიქიც, რომელიც 2004-09 წლებში, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიიდან“ თურქეთის ქალაქ ქებანის მერი იყო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს განმარტა, რომ თურქეთი ბათუმში დაპატიმრებულ სერქან კურტულუშს რუსი მფრინავის მკვლელობას ამჯერად არ ედავება:
საექსტრადიციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს კურტულუშის მიერ, 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობის ეპიზოდი"საქართველოს მთავარი პროკურატურა
„თურქული მხარის მიერ მოწოდებულ საექსტრადიციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს კურტულუშის მიერ, 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობის ეპიზოდი და შესაბამისად, ქართული მხარე საექსტრადიციო პროცედურებს აწარმოებს მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რისთვისაც თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა.“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
თურქული წყაროების ცნობით, ბათუმში, „რუხი მგლების“ ცნობილი წევრის სერქან კურტულუშის დაკავებამდე, „იზმირის შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების“ წინააღმდეგ მთელი თურქეთის მასშტაბით დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა.
400-მა პოლიციელმა სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, მუღლაში, ართვინსა და ტრაბზონში ჯამში 53 ადამიანი დააკავა. ამოიღეს არალეგალური ცეცხლსაროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები და სნაიპერული შაშხანები.